ესპანეთში საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა

21 მაისიდან ესპანეთში საჯარო სივრცეებში პირბადის ტარება სავალდებულოა. ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის, 6 წელს გადაცილებულმა ყველა პირმა პირბადე უნდა ატაროს.

აღსანიშნავია, რომ პირბადის ტარება გარეთაც აუცილებელია მაშინ, როდესაც 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

ესპანეთში შეზღუდვების ნაწილი უკვე შეამსუბუქეს - მაღაზიები, სანაპიროები გახსნეს. გახსნილია ზოგიერთი ბარი და რესტორნის ტერასები.

ევროკავშირის ქვეყნებში კორონავირუსის გამო შემოღებული რეგულაციების ეტაპობრივად მოხსნის მიუხედავად, ოფიციალურმა მადრიდმა გასულ კვირას უცხოეთიდან შესული პირებისათვის 2-კვირიანი კარანტინი დააწესა. მიზეზად მათ ვირუსის მეორე ტალღის საფრთხე დაასახელეს.

ტრანსპორტის მინისტრის თქმით, ეს დროებითია და ეტაპობრივად მოიხსნება.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ახალი კორონავირუსით ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა პირველად ჩამოცდა 100-ს. მთავრობას სურს, რომ შეზღუდვების დიდი ნაწილი ივნისის ბოლომდე მოხსნას. 

ამ დროისთვის, ესპანეთში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 232 037 შემთხვევა გამოვლინდა, 27 778 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები