ქართული ოცნების წევრი, თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი სესიაშვილი მიიჩნევს, რომ ფანჯრიდან ლგბტქ დროშის გამოფენა საფრთხის და დაძაბულობის შემცველია და კაფე გალერის პოლიციამ ეს სწორედ ამიტომ აიძულა. გუშინ, 17 მაისს, პოლიციამ რუსთაველის გამზირზე მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლება შეზღუდა. მათ კაფე გალერიდან გადმოფენილი ლგბტ დროშა ჩამოახსნევინა, რაც ჰომოფობიის წინააღმდეგ დღის აღსანიშნავად იყო გადმოფენილი.
სესიაშვილი აცხადებს, რომ საქართველოში სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება დაცულია, ხოლო დაძაბულობის პრევენცია პოლიციელის კანონიერი ვალდებულებაა.
"რაც შეეხება სხვა მსგავსი ტიპის აქციებს და პროცესებს, თუ დაცული იქნება უსაფრთხოების ნორმები, თავისთავად ცხადია, სახელმწიფო იქნება კანონის და კონსტიტუციის დამცველი.
თქვენ არ დაგავიწყდეთ, რომ წლების განმავლობაში, სახელმწიფო და ჩვენი ხელისუფლება ცდილობს, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული კონსტიტუციითა და კანონით გათვალისწინებული ჩვენი მოქალაქეთა უფლებები. სხვა შემთხვევაში, ჯაჭვიც გამოგვიყენებია და სხვა საშუალებებიც გამოგვიყენებია. დღესდღეობით არის საგანგებო მდგომარეობა და მისი მიხედვით ვმოქმედებთ
პოლიციის ქმედება ეფუძნებოდა პრევენციას, რომ არ მომხდარიყო სიტუაციის გართულება და დაძაბვა, მათი ადგილზე შეფასების დროს არის მიღებული ეს გადაწყვეტილება. ეს პოლიციელის კანონიერი მოქმედებაა", - თქვა სესიაშვილმა რუსთავი 2-ის ეთერში.
17 მაისი ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღეა. სინამდვილეში, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ლგბტქ თემის უფლებები და გამოხატვის თავისუფლება განმეორებითად ირღვევა. გამორჩეული დღე იყო 2013 წლის 17 მაისი, როდესაც ჰომოფობიის წინააღმდეგ მცირერიცხოვანი აქცია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურობით ათასობით ადამიანმა დაარბია. მათ არაერთ მონაწილეზე იძალადეს, თუმცა, სახელმწიფომ არა მხოლოდ ვერ დაიცვა აქტივისტების გამოხატვის თავისუფლება, არც დამნაშავეები დასაჯა.
2014 წლიდან საპატრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. 2020 წელს საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ეს დღე მეექვსედ, ამჯერად ჯიპებით და სკუტერებით მსვლელობით აღინიშნეს.
ლგბტქი+ აქტივისტებმა ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე ონლაინ აქციის ფორმით ჩაატარეს, მხარდამჭერებს კი დროშების ფანჯრებიდან გამოფენა სთხოვეს. პოლიციამ გალერისთან მხარდაჭერის ასე გამოხატვაც შეზღუდა.