გაერო საქართველოს 1 მილიონ დოლარს გამოუყოფს

გაერო საქართველოს 1 მილიონ დოლარს გამოუყოფს. თანხა ახალი კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების მისაღებად და პანდემიის წინაშე დაუცველების დახმარებაზე დაიხარჯება.

ამგვარად, საქართველო 46 ქვეყნის ჩამონათვალში მოხვდა, რომლებიც პირველები ისარგებლებენ სატრასტო ფონდის მიერ გამოყოფილი თანხებით. ამ ფონდის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსი ყველაზე მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებაზე და პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური შოკის განეიტრალებისკენ იქნება მიმართული. 

მიღებული თანხით გათვალისწინებულია ჯანდაცვის სისტემის აღჭურვილობის გაუმჯობესება, ჯანდაცვისა და სოციალური მუშაკებისა და ბენეფიციარების სანიტარული დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფა. ასევე, ღარიბი სასოფლო მეურნეობების დახმარება, კონფლიქტურ რეგიონებში ინდივიდუალური დაცვის საშუალებებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად. 

სატრასტო ფონდი დაფინანსების უწყებათშორისი მექანიზმია, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტიერეშმა 2020 წლის 31 მარტს დაარსა. 

კომენტარები