17 მაისი

თაბაგარი ანძის განათებაზე: სამწუხაროა, მერიამ მნიშვნელოვანი გზავნილის შანსი გაუშვა ხელიდან

დათო ფარულავა/OC Media

Tbilisi Pride-ის ერთერთი ორგანიზატორის, გიორგი თაბაგარის, შეფასებით, სამწუხაროა თბილისის მერიის გადაწყვეტილება, რომელმაც რამდენიმე ორგანიზაციის მიმართვის მიუხედავად, 17 მაისს, ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძის ცისარტყელას ფერებში განათებაზე უარი თქვა.

"ძალიან სამწუხაროა, რომ რაღაც აბსურდული დღე გამოიგონეს. 18 მაისსაა თურქმენეთის ეროვნული დღე და კარგად უნდა მოეძებნათ, ალბათ, თბილისის მერიის თანამშრომლებს. შეეძლოთ, ნორვეგიის კონსტიტუციის დღე მაინც ეთქვათ და არა - ეს სრულიად გამოგონილი დღე.

სამწუხაროა, რომ მათ გაუშვეს ხელიდან შესაძლებლობა, რომ მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილი გაეკეთებინათ ამ ქვეყანაში და ერთი ნაბიჯი გადაედგათ წინ. სამწუხაროდ, ეს შანსი კახა კალაძემ გაუშვა", - ამბობს თაბაგარი რუსთავი 2-ისთვის მიცემულ კომენტარში. 

თბილისის მერიამ 17 მაისს განცხადება გაავრცელა, სადაც წერს, რომ რამდენიმე ორგანიზაციის გარდა, მათ თურქმენეთმაც მიმართა თხოვნით, ანძა მათი ქვეყნის დროშის ფერებში გაენათებინათ. 

"ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით", - წერია მერიის განცხადებაში. 

17 მაისს თურქმენეთში არცერთი ეროვნული დღესასწაული არ აღინიშნება, კონსტიტუციისა და დროშის დღეს კი ქვეყანა 18 მაისს აღნიშნავს

რაც შეეხება მომდევნო დღეებს, თბილისის მერიის განცხადებით, "იდეური მრავალფეროვნებიდან და მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე", ანძა თეთრად განათდება. 

"ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება", - წერს მერია. 

საქართველოში 17 მაისის დღის გამოცდილებასთან დაკავშირებით წაიკითხეთ აქ. 

კომენტარები