17 მაისი

17 მაისის 9 წელი საქართველოში

ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე, 17 მაისი, საქართველოში პირველად 2012 წელს აღინიშნა. ამ დღეს ლგბტქ აქტივისტებმა მსვლელობა ფილარმონიდან დაიწყეს, რუსთველის გამზირზე, მეცნიერებათა აკადემიის შენობასთან კი ფიზიკური დაპირისპირებით და აქციის სამი მონაწილის დაკავებით დასრულდა.

აქციის მონაწილეები მსვლელობით თავისუფლების მოედნამდე მისვლას გეგმავდნენ, თუმცა, ამის საშუალება მათ რადიკალურმა ჯგუფებმა - "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" და "წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის კავშირის" წარმომადგენლებმა არ მისცეს.

ლგბტ თემის წარმომადგენლებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 3 ლგბტ აქტივისტი დააკავეს მას შემდეგ, რაც მათ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს.


ფოტო: ნეტგაზეთი
ლგბტ აქტივისტებმა 2012 წლის 18 მაისს ლგბტ აქტივისტებმა რუსთაველზე მცირე აქცია მაინც გამართეს და პარლამენტთან ლგბტ დროშა გაშალეს.

3 წლის შემდეგ, 2015 წლის გაზაფხულზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს სანქცია დააკისრა, ვინაიდან დაადგინა, რომ ხელისუფლებას უნდა სცოდნოდა იმ რისკების შესახებ, რომელიც მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ არსებობდა, შესაბამისად მათ ჰქონდათ ვალდებულება აქციის მონაწილეები ადეკვატური დაცვა უზრუნველეყოთ.

2013 წლის 17 მაისს ორგანიზაცია იდენტობამ და ლგბტ აქტივისტებმა რუსთაველის გამზირზე აქცია დაგეგმეს. თუმცა, ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა, მათ შორის, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა შეკრება წინა ღამით დაიწყეს. ბასილ მკალავიშვილი მრევლი ჭინჭრით იყო შეიარაღებული. აქციას მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები ხელმძღვანელობდნენ ქორეპისკოპოს იაკობის მეთაურობით და ადგილზე მათი მრევლის ათასობით წარმომადგენელი იყო.

ისინი განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ. მათი მიზანი არა ლგბტქ აქციის ჩაშლა, არამედ ფიზიკური ანგარიშსწორება იყო.

მართლმადიდებელმა სასულიერო პირებმა და მათმა მრევლმა გაარღვიეს პოლიციის ცუდად ორგანიზებული ცოცხალი ჯაჭვი და ლგბტქ აქცია ძალადობრივად ჩაშალეს. აქტივისტები პოლიციამ ყვითელი ავტობუსებით გაიყვანა, თუმცა, შეკრებილები ძალადობას აგრძელებდნენ - ავტობუსებს ქვებს ესროდნენ.

სახელმწიფომ და პოლიციამ სათანადოდ არ იზრუნა ლგბტ აქტივისტების ფიზიკურ უსაფრთხოებაზე, არ დაიცვა მათი კონსტიტუციით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლება, არ აღკვეთა ძალადობა სასულიერო პირების მხრიდან, შემდეგ კი არ იზრუნა დამნაშავეთა გამოვლენასა და დასჯაზე.

ძალადობრივი აქციის რამდენიმე მონაწილის მიმართ საქმის წარმოება სასამართლოშიც დაიწყო, თუმცა, 2015 წლის 23 ოქტომბერს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა ტიტალ დავრიშიანი, ბექა სალუქვაძე, გიორგი ბასიაშვილი და მღვდელი ირაკლი ბასილია უდანაშაულოდ სცნო.


ფოტო: დიმა ჩიკვაიძე / ტაბულა

2014 წლიდან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დღედ გამოაცხადა. სასულიერო პირები და მრევლი პარლამენტის შენობასთან შეიკრიბა და "სანატიზმი" და "სოდომ-გომორი" დაგმო. ასევე, აგროვებდნენ ხელმოწერებს ანტიდისკრიმინაციული კანონის წინააღდეგ.

ლგბტ თემის წევრები, საფრთხის გამო, ამ დღეს ქუჩაში არ გამოსულან.


ფოტო: ტაბულა/პირველი არხი

2015 წლის 17 მაისს თბილისში, ჰომოფობია და ტრანსფობია სამ ადგილას გააპროტესტეს. ქალთა ინიციატივების მხარდამჭერმა ჯგუფმა 15 წუთიანი აქცია ვაჩნაძის ქუჩაზე გამართა. ასევე, ორგანიზაცია "ლგბტ საქართველომ" ჰომოფობია დაგმო იუსტიციის სამინისტროსთან. მრგვალ ბაღში კი, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ შეკრებილებს 2012 წლის 17 მაისის საქმეზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილება გააცნო.

აქციების ჩატარების დრო და ადგილი წინასწარ საჯაროდ დაანონსებული არ ყოფილა. ორგანიზატორებმა მედიას და შეხვედრის მონაწილეებს რამდენიმე საათით ადრე შეატყობინეს, სად იგეგმებოდა შეკრება.

უსაფრთხოების მსგავსი ზომები ორგანიზაციებმა წარსული გამოცდილების გათვალისწინებით მიიღეს.

2016 წლის 16 მაისს ლგბტ აქტივისტებმა განაცხადეს, რომ ისინი აქციას არ გამართავდნენ, რადგან სახელმწიფოს არ შეუძლია, დაიცვას მათი უსაფრთხოება.

თუმცა, მათ "წერტილოვანი დარტყმები" მაინც განახორციელეს. სასტუმრო რედისონში ლევან ვასაძის მოწვევით "მსოფლიო ოჯახის კონგრესი" იმართებოდა, იქ ლგბტ აქტივისტებმა ცისარტყელის ფერებში შეღებილი ტაბურეტი დადგეს. პოლიციამ მათ სკამი ააღებინა.

მალევე, რედისონთან სასულიერო პირები ოჯახის სიწმინდის დაცვის დღის აღსანიშნად ხატებით შეიკრიბნენ და რუსთაველის გავლით სამებისკენ მსვლელობით გაემართნენ.

ლგბტქ აქტივისტების ნაწილმა ლგბტ დროშის ფერებში შეღება კედლები, მათ შორის, საპატრიარქოს შენობის კედელიც. შსს-მ "თვითმმართველი ერთეულის იერსახის დამახინჯებისთვის" ადმინისტრაციული წესით 10 ადამიანი დააკავა.


ფოტო: ტაბულა

2017 წლის 17 მაისი ლგბტქ აქტივისტებმა კანცელარიასთან აღნიშნეს. ისინი საგანგებოდ მობილიზებული სამართალდამცველებთ იყვნენ გარშემორტყმული. აქცია ფარულად დაიგეგმა. თემის წევრები ადგილზე პოლიციის დახმარებით, ყვითელი ავტობუსებით მიიყვანეს და ტერიტორიიდანაც გაიყვანეს.

ნუ დადგები ძალადობის მხარეს

2018 წელს აქტივისტები 17 მაისის აღნიშვნა არ გეგმავდნენ, თუმცა, საბოლოოდ, ის მაინც ჩატარდა. მთავრობის ადმინისტრაციამდე მისასვლელ ყველა გზასთან პოლიცია იყო მობილიზებული, ახლოს მისვლა კი მხოლოდ "ფეისკონტროლით" და სიებით ხდებოდა.

თუმცა, ძალადობის ფაქტი მაინც მოხდა - 15 წლის მოზარდმა ნიქო გორგილაძეს დაარტყა, როცა ის სიტყვით გამოსვლას ამთავრებდა.

პარალელურად, ამ დღესაც ჩატარდა "ოჯახის სიწმინდის დაცვის დღე", რომლის მონაწილეებიც ლგბტქ ადამიანების მიმართ კვლავ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.

2019 წელსაც, სასულიერო პირები და მოქალაქეების ნაწილი ვარდების მოედანზე შეიკრიბნენ. მათ ოჯახის სიწმინდის დასაცავად პარაკლისი გადაიხადეს და სამებამდე მსვლელობა მოაწყვეს. ლგბტქი თემის წევრებს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის დღე - 17 მაისი ქუჩაში არ აღუნიშნავთ.

თუმცა, 2019 წელს ორგანიზაცია Tbilisi Pride-მა ლგბტ სიამაყის დღის აღნიშვნა გადაწყვიტა. ღონისძიების დაანონსებისთანავე ორგანიზატორები თავის მოჭრის მუქარებს იღებდნენ.

ღირსების მარში თავდაპირველად 23 ივნისს ჩაინიშნა, თუმცა, გავრილოვის ღამის და შემდგომი საპროტესტო აქციების გამო 8 ივლისამდე გადაიდო.

8 ივლისის დილას ლევან ვასაძე პარლამენტამდე შსს-ის შენობასთან მივიდა. ის და მისი თანამოაზრეები თბილისი პრაიდის ფარგლებში დაგეგმილი ღირსების მარშის ძალადობრივად ჩაშლას და ლგბტქ აქტივისტების და მხარდამჭერების "ქამრებით გათრევას" გეგმავდნენ.

მოსალოდნელი საფრთხის გამო მარში გაუქმდა, ვასაძემ და სიძულვილის ჯგუფის სხვა წევრებმა კი პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დაიკავეს, სადაც "სირცხვილიას" აქციები მიმდინარეობდა.

პრორუსული ჯგუფების აქციას შუადღეს ლგბტქ დროშამ გადაუფრინა.

იმავე დღეს თბილისი პრაიდის ორგანიზატორებმა ღირსების მარშის ჩატარება და შსს-სთან შეკრება მაინც გადაწყვიტეს, თუმცა, ამის შესახებ ინფორმაცია არ გაუსაჯაროებიათ.

აქტივისტებმა მსვლელობა შსს-ს შენობის წინ გამართეს და მაშინ შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა მოითხოვეს. მათ თქვეს, რომ შსს ლგბტქ თემის უსაფრთხოებას ვერ უზრუნველყოფს და უსაფრთხოების გარანტიებს ვერ აძლევს მაშინ, როცა ძალადობრივ დაჯგუფებებთან თანამშრომლობს. პრაიდის ორგანიზატორმა, გიორგი თაბაგარმა თქვა, რომ ყველაფრის მიუხედავად, ღირსების მარში შედგა. შსს-ის შენობასთან ძალადობრივი ჯგუფები მაინც მივიდნენ, თუმცა ლგბტ აქტივისტებს ტერიტორია უკვე დატოვებული ჰქონდათ.

2020 წელს ლგბტქი აქტივისტები, პანდემიის და შეზღუდვების გათვალისწინებით, 17 მაისს ონლაინ ჩაატარებენ.

კომენტარები