17 მაისი

"იქნება წყლის სხურება" - 17 მაისს სასულიერო პირები თბილისს მანქანებით შემოივლიან

ოჯახის სიწმინდის დღე

არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილის ინფორმაციით, ხვალ, 17 მაისს სასულიერო პირები ქალაქს მანქანებით შემოივლიან და ნაკურთხ წყალს აპკურებენ.

"17 მაისს ხატი შემობრძანდებოდა ხოლმე თბილისში და ხალხთან ერთად იმართებოდა ხოლმე მსვლელობა. მაგრამ წელს მსვლელობა ვერ იქნება... ხვალ იგეგმება ის, რომ რამდენიმე მანქანა სასულიერო პირებთან ერთად მოივლის ქალაქს, ნაკურთხ წყალს ასხურებს და ასე მიულოცავენ ხალხს ამ დღესასწაულს, ოჯახის დაცვის სიწმინდის დღეს, რამდენიმე ავტომობილით, თბილისის მასშტაბით იქნება წყლის სხურება და ხატებით შემოვივლით", - უთხრა არქიმანდრიტმა TV პირველს.

ამასთან დაკავშირებით განცხადება საპატრიარქომაც გაავრცელა. მართლმადიდებელი ეკლესიის ინფორმაციით, ავტოკოლონით მსვლელობა 13:00 საათზე, სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება. სასულიერო პირებს ხატებითა და ნაკურთხი წყლის სხურებით თბილისის ქუჩების შემოვლის კურთხება პატრიარქმა მისცა.

"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის ერთკვირიანი ზეიმის დასრულების, აწყურის ღვთისმშობლის ხატის თბილისში შემობრძანებისა, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დღესთან დაკავშირებით კვირას, 17 მაისს, საზეიმო წირვის შემდეგ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი ილია II ოჯახებს, დედაქალაქს და სრულიად საქართველოს დალოცავს" - აცხადებს საპატრიარქო. 

ხვალ, 17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 2013 წლის 17 მაისს ლგბტქ+ აქტივისტებმა პარლამენტთან მცირერიცხოვანი აქცია დაგეგმეს. თუმცა, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმსახურებმა და მრევლმა, რამდენიმე ათასმა ადამიანმა აქცია ძალადობრივად დაშალა.

ამის შემდეგ, 2014 წლიდან საქართველოს საპტრიარქომ 17 მაისი ოჯახის სიწმინდის დაცვის დღედ გამოაცხადა.

ლგბტქ+ ადამიანები სიძულვილის ჯგუფების, ჰომოფობთა და ტრანსფობთა მხრიდან, ასევე სასულიერო პირებისგან მუდმივი ძალადობის ობიექტები არიან. მათ არ ეძლევათ საშუალება, მშვიდად, ფიზიკური საფრთხის გარეშე აღნიშნონ 17 მაისი, ხელისუფლება კი მათ უფლებებს სათანადოდ არ იცავს.

წელს 17 მაისი საგანგებო მდგომარეობას დაემთხვა. შესაბამისად, აკრძალულია ყველა სახის შეკრება. ამის გამო, "თბილისის პრაიდი" ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასთან და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის აღნიშვნას ონლაინ საპროტესტო დემონსტრაციით გეგმავს. "ერთად გადავრჩებით“, – ასე ჰქვია ინტერნეტ-აქციას, რომელიც 17 მაისს, 18:00 საათზეა დანიშნული.

კომენტარები