8 მარტის შეთანხმება

კალაძე: ოპოზიცია ცრუობს, თითქოს შეთანხმება კონკრეტული კრიმინალების გამოშვებას ეხებოდა

instagram.com/kakhakaladze/

თბილისის მერის, კახა კალაძის შეფასებით, საკონსტიტუციო ცვლილებები "ოცნებისთვის" მნიშვნელოვანია და მმართველი გუნდი მზადაა, 8 მარტს ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების ნაწილი, რაც საარჩევნო სისტემის ცვლილებას გულისხმობს, დააკმაყოფილოს.

მაგრამ კახა კალაძე შეთანხმების იმ პუნქტს, რომელიც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გამოშვებას უკავშირდება, უარყოფს და ამბობს, რომ ამ ნაწილში ოპოზიცია ცრუობს. მისი მტკიცებით, შეხვედრაზე პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა.

"ოპოზიცია ცრუობს, როდესაც ამბობს, თითქოს ამ შეთანხმების ნაწილი იყო ასევე იმ კონკრეტული კრიმინალების გამოშვება, რომელსაც გარკვეული დანაშაულებები აქვთ ჩადენილი. ეს სიმართლეს არ შეეფერება, იმიტომ, რომ ვერც მთავრობას, ვერც პარლამენტს ვერანაირი შესაძლებლობა და ბერკეტი ვერ ექნებოდა იმისა, რომ ეს კონკრეტული ადამიანები გაეთავისუფლებინა ციხიდან. 

ერთადერთი ადამიანი, ვისაც ამის შესაძლებლობა და მანდატი აქვს, პრეზიდენტია. სწორედ მან უნდა მიიღოს ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება. ოპოზიციას სურს არა სიტუაციის განმუხტვა, არამედ, პირიქით, დამუხტვა, რადგან კარგად ხვდებიან, რა რეიტინგი აქვთ და იციან, რომ არჩევნების გზით გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვთ", - ამბობს კახა კალაძე.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება ორი ნაწილისგან შედგება - პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გამოშვება და არსებული საარჩევნო სისტემის შეცვლა 120/30-ზე პრინციპით.

თუმცა, ქართული ოცნება შეთანხმების იმ ნაწილს, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, საჯაროდ არ აღიარებს, მეტიც - უარყოფს.

ოპოზიცია კი ამბობს, რომ თუ შეთანხმების ეს ნაწილი არ შესრულდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ.

ხელოსუფლების მხრიდან 8 მარტის შეთანხმების დარღვევას საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკაც მოჰყვა.

"შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ ფასილიტატორი ელჩები საერთო განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯონ რიშმა განაცხადა, რომ "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით". პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლების აუცილებლობაზე რიში 10 მარტსაც საუბრობდა.

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი (CDU/EPP), მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო. 

ევროპარლამენტარისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით კი, კიდევ ერთხელ გატეხილი პირობა "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

კომენტარები