8 მარტის შეთანხმება

სალომე ზურაბიშვილი გიგი უგულავას შეწყალებაზე კითხვას არ პასუხობს - ვიდეო

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, გიგი უგულავას შეწყალების შესახებ ჟურნალისტების კითხვას არ პასუხობს.

"ტელეკომპანია პირველმა" ვიდეო გაავრცელა, სადაც ჟურნალისტი ზურაბიშვილს ეუბნება, რომ ორი სიტყვით უთხრას, აპირებს თუ არა უგულავას შეწყალებას.

"ორი სიტყვით თუ სამი სიტყვით? გამარჯობათ ჯერ ერთი და ნახვამდის", - პასუხობს სალომე ზურაბიშვილი.

 

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 8 მარტს დადებული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია პოლიტპატიმრების გამოშვების საკითხი. 

შეთანხმების შესრულებაში პრეზიდენტის როლზე ოფიციალურ დოკუმენტშიც წერია:

"ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს".

ოპოზიცია ამბობს, რომ თუ შეთანხმების ეს ნაწილი არ შესრულდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ და პროცესის ნორმალიზება ვერ მოხდება.

ქართული ოცნება საჯაროდ არ აღიარებს შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება და მეტიც, ამბობს, რომ საქართველოს საერთოდ არ ჰყავს პოლიტპატიმრები. იმას, რომ ხელისუფლება ცრუობს, ამტკიცებს, მათ შორის, დასავლელი პარტნიორების არაერთი განცხადება. მაგალითად, საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოების მიერ ოქრუაშვილის საქმეზე გაკეთებული განცხადებები.

ასევე ის განცხადებაც, რომლითაც 8 მარტის შეთანხმების კონტექსტში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში. 

"8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ ფასილიტატორი ელჩები საერთო განცხადებაში.

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი (CDU/EPP), მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო. 

ევროპარლამენტარისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კიდევ ერთხელ გატეხილი პირობა "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

კომენტარები