8 მარტის შეთანხმება

"ოცნების" დეპუტატი: პრეზიდენტმა ის სამი პირი უნდა შეიწყალოს, პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი კახა ოქრიაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა გიგი უგულავა, ირაკლი ოქრუაშვილი და გიორგი რურუა უნდა შეიწყალოს, რადგან პოლიტიკური პროცესი ჩიხშია შესული და მთავარი ამოცანა არის ის, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმაციაზე კითხვები არ დაისვას. წალკისა და დმანისის მაჟორიტარმა დეპუტატმა კახა ოქრიაშვილმა ამის შესახებ ტვ პირველთან ისაუბრა.

"ახლა პოლიტიკური პროცესი არის ჩიხში შესული, მოლაპარაკების მეორე პუნქტთან დაკავშირებით. გვყავს პოლიტიკური პატიმრები, არ გვყავს, გამოუშვებენ იმ სამ ადამიანს, თუ არ გამოუშვებენ - ჩემი პოზიცია არის, რომ უმრავლესობა, რომც ჰყავდეს პოლიტპატიმრები, ვერ აღიარებს.

ჩვენ გვყავს ზეპარტიული პრეზიდენტი, ჩემი აზრით, პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს ეს ხალხი და გამოუშვას, იმიტომ რომ მთავარი ამოცანა არის, რომ 2020 წელს ჩვენ მივიღოთ ისეთი არჩევნები, რომ ლეგიტიმაციასთან დაკავშირებით არანაირი კითხვა არ დასვას არავინ. ეს არის ჩიხი და ეს ჩიხი პრეზიდენტმა უნდა გახსნას," - ამბობს ოქრიაშვილი.

ოქრიაშვილი ასევე ამბობს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებიით ჩამოყალიბებული პოზიცია აქვს და მხარს არ დაუჭერს. 

"ენზელ მკოიანიც მაჟორიტარული სისტემის მომხრეა, შესაძლოა მკოიანმაც არ დაუჭიროს მხარი, სხვები არ ვიცი რაზ იზამენ," - ამბობს უმრავლესობის დეპუტატი.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დადებული 8 მარტს შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია პოლიტპატიმრების გამოშვების საკითხი. 

ოპოზიცია ამბობს, რომ თუ შეთანხმების ეს ნაწილი არ შესრულდება, ისინი საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ და პროცესის ნორმალიზება ვერ მოხდება.

შეთანხმების შესრულებაში პრეზიდენტის როლზე, თავად შეთანხმების ოფიციალურ დოკუმენტშიც წერია:

"ჩვენ მივესალმებით პრეზიდენტის შეთავაზებას, მისი კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში, ხელი შეუწყოს თავისუფალ, სამართლიან, გამჭვირვალე საარჩევნო პროცესს."

ქართული ოცნება საჯაროდ არ აღიარებს შეთანხმების იმ ნაწილს, რომელიც პოლიტპატიმრებს ეხება და მეტიც, ამბობს, რომ საქართველოს საერთოდ არ ჰყავს პოლიტპატიმრები. იმას, რომ ხელისუფლება ცრუობს, ამტკიცებს, მათ შორის, დასავლელი პარტნიორების არაერთი განცხადება. მაგალითად, საქართველოში აშშ-ის და ევროკავშირის საელჩოების მიერ ოქრუაშვილის საქმეზე გაკეთებული განცხადებები.

ასევე ის განცხადებაც, რომლითაც 8 მარტის შეთანხმების კონტექსტში პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ჯეიმს რიში

"8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ ფასილიტატორი ელჩები საერთო განცხადებაში.

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი (CDU/EPP), მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო. 

ევროპარლამენტარისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კიდევ ერთხელ გატეხილი პირობა "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

 

კომენტარები