ვითარება ფსიქიატრიულ დაწესებულებებში

EMC: ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ადამიანების უფლებები ყოველდღიურად უხეშად ილახება

სახალხო დამცველი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში არსებულ მძიმე ვითარებას ეხმიანება. ორგანიზაცია სახელმწიფო უწყებებს დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის დაუყოვნებლივ წარმართვისკენ, ხოლო მანამდე ბენეფიციარების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდებს.

სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც საუბარია ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული უფლებების დაცვის კუთხით არსებულ სისტემურ გამოწვევებზე.

EMC მიუთითებს, რომ ანგარიშში მოცემული უმძიმესი ფაქტები სახელმწიფოს მხრიდან მყისიერ და ეფექტიან ნაბიჯებს საჭიროებს.

"უდავოა, რომ ინსტიტუციონალიზაციის მექანიზმი ადამიანის უფლებების დარღვევებსა და უგულებელყოფაზეა დაფუძნებული. ამ სისტემის ნათელ ილუსტრაციას წარმოადგენს ერთ-ერთი შემთხვევა, როდესაც სამედიცინო პერსონალმა ინსტიტუციის პაციენტის ორსულობა თვეების განმავლობაში ვერ დაადგინა, ხოლო პაციენტმა საპირფარეშოში, სხვების დახმარების გარეშე, იმშობიარა", - წერია განცხადებაში.

ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ გამოწვევების საპირწონედ, სახელმწიფოს წლების განმავლობაში არ მიუღია ზომები დეინსტიტუციონალიზაციის დროული და ადამიანის უფლებების შესაბამისი პროცესის განხორციელებისათვის

"ფსიქიატრიული დაწესებულებების ე.წ. ხანგრძლივი დაყოვნების პაციენტებს არ აქვთ შესაძლებლობა, მიიღონ მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სერვისები და თავი საზოგადოების სრულფასოვან წევრებად იგრძნონ. ამის საპირისპიროდ, ისინი ისეთ გარემოში ცხოვრობენ, რომელიც ადამიანის უფლებების რეალიზაციას იმთავითვე გამორიცხავს.

სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმი წლების განმავლობაში მიუთითებს ისეთ მწვავე გამოწვევებზე, როგორიცაა, პერსონალის მიერ ბენეფიციარების მიმართ უხეში მოპყრობა და გულგრილობა, მათი შრომითი ექსპლუატაცია, ბენეფიციარებს შორის ძალადობა, სომატური ჯანმრთელობისა და ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის სერვისებთან არასათანადო წვდომა, ღირსების შემლახავი ფიზიკური გარემოს არსებობა და სხვა," - წერია განცხადებაში.

ორგანიზაცია მოუწოდებს მთავრობას და ჯანდაცვის სამინისტროს, 

  1. ჯეროვნად გამოიკვლიონ ფსიქიატრიული და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებების ბენეფიციართა უფლებადარღვევის ფაქტები და მიიღონ რეაგირებითი ზომები. 
  2. დეინსტიტუციონალიზაციის განხორციელებამდე, უზრუნველყონ ბენეფიციარები უსაფრთხო გარემოთი და მოახდინოს მათი უფლებების განმეორებით შელახვის ეფექტიანი პრევენცია;
  3. უმოკლეს ვადაში შეიმუშავონ დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია/სამოქმედო გეგმა, რომელიც ბენეფიციარების ინდივიდუალური საჭიროებების კვლევაზე იქნება დამყარებული და მხედველობაში მიიღებს ადამიანის უფლებების საერთაშორისო და ეროვნულ სტანდარტებს;
  4. დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის/სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მთელი საქართველოს ტერიტორიაზე განავითარონ საცხოვრისისა და დამოუკიდებელი ცხოვრების უფლების რეალიზაციისათვის არსებითი თემზე დაფუძნებული სერვისები.

სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში - "ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“ - 11 მაისს გამოაქვეყნა. მაში აღწერილია ფსიქიატრიულებში არსებული მძიმე მდგომარეობა. ყველაზე მძიმე მაგალითად მოყვანილია, როდესაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ექიმებმა პაციენტის ორსულობა ვერ დაადგინეს. პაციენტმა საპირფარეშოში იმშობიარა.

კომენტარები