8 მარტის შეთანხმება

ბერაია: ზოგი პოლიტიკოსი ცდილობს, დახმარება კრიმინალების გათავისუფლებას დაუკავშიროს

"საქართველო სამაგალითო წარმატებით უმკლავდება პანდემიას და მის შედეგებს. სწორედ ამ წარმატებული ნაბიჯების მხარდასაჭერად არის მობილიზებული ის მასშტაბური დახმარება, რომელიც საქართველოს გამოუყვეს საერთაშორისო, მათ შორის, ევროპელმა პარტნიორებმა. ძალიან სამწუხაროა, რომ ცალკეული პოლიტიკოსები ცდილობენ, ამ მიზნით გამოყოფილი დახმარების მიღება კონკრეტული კრიმინალების გათავისუფლებას დაუკავშირონ", - ამბობს უმრავლესობის წევრი ირაკლი ბერაია ევროპარლამენტარ ანდრიუს კუბილიუსის განცხადებაზე, რომელშიც ევროპარლამენტარი საქართველოსთვის გამოსაყოფ დახმარებაზე, 500 მილიონ ევროზე, საუბრობს.

ენდრიუს კუბილიუსის თქმით, ამ დახმარების საკვანძო კომპონენტი გადაჯაჭვულია საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან, განსაკუთრებით კი საარჩევნო სისტემასა და სამართლის უზენაესობასთან. ამის შესახებ განცხადება კუბილიუსმა Twitter-ზე გაავრცელა.

"ჩვენი მხრიდან ეს აღქმულია, როგორც მორიგი მოწოდება საქართველოს ხელისუფლების მიმართ, ჩაერიოს მართლმსაჯულების სისტემაში, რაც რასაკვირველია, მიუღებელია. საქართველო არის კანონის უზენაესობის და სამართლებრივ პრინციპებზე დაფუძნებული სახელმწიფო, შესაბამისად, ნებისმიერი ჩარევა მართლმსაჯულების სისტემაში არის უკანონო და რასაკვირველია, ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელი ", - ამბობს ბერაია. 

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა დიდი მონდომებით, სიხარულით და ენთუზიაზმით ცდილობს, საქართველოს იმიჯის დაზიანებისთვის ყველაფერი გააკეთოს, რომ თავის ვიწრო პოლიტიკურ ინტერესებს მიაღწიოს, თუმცა, ქართულ-ევროპული ურთიერთობები და საქართველო-ევროკავშირის მჭიდრო პარტნიორობა არის ძალიან მყარი". 

საქართველოს საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკა ქართული ოცნების მხრიდან 8 მარტს, ოპოზიციასთან მიღწეული შეთანხმების დარღვევას მოჰყვა. ქართულმა ოცნებამ შეთანხმების პირველი პუნქტი უარყო, რაც პოლიტიკური ნიშნით დაკავებული პირების გათავისუფლებას გულისხმობდა. 

"8 მარტის შეთანხმება შედგება ორი ნაწილისგან: ერთი ფოკუსირებულია სააჩევნო სისტემაზე, მეორე კი ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს," - წერენ ფასილიტატორი ელჩები საერთო განცხადებაში.

აშშ-ის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯონ რიშმა განაცხადა, რომ "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ელის, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით". პოლიტიკური პატიმრების მყისიერად გათავისუფლების აუცილებლობაზე რიში 10 მარტსაც საუბრობდა.

გერმანელი ევროპარლამენტარი, მიხაელ გალერი (CDU/EPP), მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას და წერს, რომ საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ელიან.

ევროპარლამენტარი მწვანეთა ალიანსიდან მარკეტა გრეგოროვა ამბობს, რომ ევროპარლამენტარები დასაწყისშივე იყვნენ ინფორმირებულები იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლება შეთანხმების ნაწილი იყო. 

ევროპარლამენტარისა და დემოკრატიის მხარდაჭერისა და არჩევნების კოორდინაცის ჯგუფის [DEG] წამყვანი წევრის, ვიოლა ფონ კრამონის თქმით, კიდევ ერთხელ გატეხილი პირობა "ქართულ ოცნებას" არასაიმედო და უპასუხისმგებლო პარტნიორად აქცევს.

კომენტარები