აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

EMC-მ აჭარის მაუწყებლიდან გათავისუფლებულების სახელით შსს-ს და პროკურატურას მიმართა

აჭარის მაუწყებელი

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ბოლო პერიოდში გათავისუფლებული თანამშრომლების სახელით შინაგან საქმეთა სამინისტროსა და გენერალურ პროკურატურას მიმართ და დირექტორის, გიორგი კოხრეიძის, წინააღმდეგ გამოძიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. 

ორგანიზაციის შეფასებით, კოხრეიძის თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ, სავარაუდოდ, ადგილი აქვს დირექტორისადმი კრიტიკულად განწყობილი, განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დევნასა და ალტერნატიული პროფკავშირის საქმიანობის ხელის შეშლას, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე (დევნა) და 166-ე (პოლიტიკური, საზოგადოებრივი ან რელიგიური გაერთიანების შექმნისათვის ან მისი სამიქნობისთვის ხელის შეშლა) მუხლების შესაბამისად დასჯადია. 

"კოხრეიძის მიერ განხორციელებული ქმედებების ქრონოლოგია, დინამიკა და შინაარსი სწორედ თანამშრომლების დევნაზე მიუთითებს, რამდენადაც სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მიზნებისთვის მნიშვნელოვანია იქმნებოდეს ვარაუდი, რომ დამსაქმებლის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების, ან თვითნებურად დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე სრულად მოტივირებულია დამსაქმებლის მიერ განსხვავებული შეხედულების შეუწყნარებლობით და დასჯის მიზანი აქვს", - წერია განცხადებაში. 

EMC-ის შეფასებით, კოხრეიძის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ მისი მიზანი განსხვავებული შეხედულებების მქონე თანამშრომლების დასჯაა. ორგანიზაცია ამას იმის საფუძველზე ვარაუდობს, რომ კოხრეიძისთვის დირექტორად არჩევისთანავე მიუღებელი აღმოჩნდა მხოლოდ ის თანამშრომლები, რომლებიც კრიტიკულ კითხვებს სვამდნენ მაუწყებელში მიმდინარე პოლიტიკურ და ორგანიზაციულ პროცესებთან დაკავშირებით.

ამასთან EMC-ის განცხადებით, დაუსაბუთებელი საფუძვლით გათავისუფლდნენ თანამშრომლები, რომლებიც ახალი დირექტორის მოქმედებებს სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევად და ჟურნალისტების საქმიანობის ხელშეშლად აფასებდნენ და კოხრეიძის ინიციატივითვე დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრათ თანამშრომლებს, რომლებმაც ღიად განუცხადეს, რომ ისინი არ ასრულებდნენ პოლიტიკურ დაკვეთებს და იყვნენ დამოუკიდებლები.

ორგანიზაციის შეფასებით, დევნის პრაქტიკაზე მიუთითებს ის გარემოებაც, რომ თანამშრომლების მიმართ დაკისრებული დისციპლინური სანქციები აშკარად არაპროპორციულია და მხოლოდ კრიტიკული შეხედულებების მქონე თანამშრომლების მიმართ გამოიყენეს. ამასთან, ორგანიზაციის განცხადებით, კოხრეიძის მხრიდან განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები რეალურად არ შეხებია იმ თანამშრომლებს, რომლებიც იმთავითვე ლოიალური დამოკიდებულებით გამოირჩეოდნენ.

"სამართალდამცავი ორგანოების წინაშე წარდგენილ ვრცელ მიმოხილვაში EMC უთითებს, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების (ეუთო, ევროპის საბჭო, რეპორტერები საზღვრებს გარეშე), საქართველოს სახალხო დამცველისა და ადამიანის უფლებებზე მომუშავე ადგილობრივი ორგანიზაციების შეფასებებს, რომლებიც ღიად მსჯელობენ მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის, ჟურნალისტების დევნისა და კონტროლის პრაქტიკებზე", - წერს ორგანიზაცია. 

EMC მოუწოდებს შსს-ს წარდგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით დაუყონებლივ დაიწყოს გამოძიება და შეისწავლოს გიორგი კოხრეიძის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები. ამასთან, ორგანიზაციის განმარტებით, ამ კუთხით მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესს ეფექტიანი მონიტორინგი გაუწიოს შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა; 

EMC ასევე მოუწოდებს პროკურატურას, უზრუნველყოს გამოძიების პროცესზე ეფექტური, მიუკერძოებელი საპროკურორო ზედამხედველობა და დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა გიორგი კოხრეიძის მიმართ. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომლების ინტერესებს გამოძიების ფარგლებში სწორედ EMC დაიცავს. 

მას შემდეგ, რაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ ტელევიზიის დირექტორის თანამდებობიდან ნათია კაპანაძე გადააყენა, მის ნაცვლად კი გიორგი კოხრეიძე დანიშნეს, არხის ჟურნალისტები ხელისუფლების მხრიდან ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებზე საუბრობენ და ალტერნატიული პროფესიული კავშირიც შექმნეს. 

22 ნოემბრიდან დღემდე არხი ზეწოლის შედეგად დატოვა ან კოხრეიძის გადაწყვეტილებით გაათავისუფლეს არაერთი საკვანძო თანამდებობაზე მყოფი პირი, მათ შორის ახალი სამსახურის უფროსი და მისი მოადგილე და მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი.

დირექტორის მხრიდან შევიწროებისა და კონტროლის ფაქტების გამო სამსახური დატოვა დირექტორის მოადგილემ, ნათია ზოიძემ, რომელიც კოხრეიძის დანიშვნამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. ასევე დაუსაბუთებელი საფუძვლით კოხრეიძემ სამსახურიდან გაათავისუფლა ახალი ამბების სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, მისი მოადგილე მაია მერკვილაძე კი ტელევიზიიდან რადიოში გადაიყვანეს და ფაქტობრივად ჩამოაშორეს სარედაქციო პოლიტიკას. 

ახალი ამბების სამსახურში მიმდინარე მოვლენების გაპროტესტების გამო წამყვანი თეონა ბაკურიძე, კვლავ კოხრეიძის პირადი გადაწყვეტილებით, ჯერ ეთერიდან მოხსნეს, რამდენიმე დღეში კი სამსახურიდან გაათავისუფლეს

უფლებამოსილებები შეეზღუდა ონლაინ-მედიის სამსახურის უფროსს, სოფო ჟღენტს. კოხრეიძემ მას სრულად აუკრძალა საინფორმაციო ამბების კონტენტის ვებგვერდზე განთავსება. 

კიდევ ერთი ჟურნალისტი თეონა ხარაბაძე სამუშაოდ ქუთაისის არარსებულ ბიუროში გადაიყვანეს. სოციალურ ქსელში გამოხატული მოსაზრების გამო კი ჟურნალისტი თეონა თურმანიძე ეთერს გარკვეული დროით ჩამოაშოერს. 

11 მაისს გიორგი კოხრეიძის ბრძანების საფუძველზე სოციალურ ქსელში დაწერილი მოსაზრების გამო არხიდან გაათავისუფლეს მალხაზ რეხვიაშვილი, გადაცემა #ჰეშთეგის წამყვანი და ალტერნატიული პროფკავშირის თავმჯდომარე.

კომენტარები