ოცნების წერილი ევროპარლამენტარებს

ოცნების წერილი ევროპარლამენტარებს - როგორ ცდილობს მმართველი გუნდი თავის მართლებას

amazonaws.com

ტაბულამ მოიპოვა წერილი, რომელშიც ქართული ოცნების დეპუტატი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დავით სონღულაშვილი, ევროპარლამენტარებს მიმართავს.

წერილი, რომელიც ტაბულას ევროპარლამენტიდან მიაწოდა წყარომ, 11 მაისით თარიღდება.

როგორც დავით სონღულაშვილი ევროპარლამენტარებს წერს, ქართული ოცნება სთხოვს უცხოელ ელჩებს, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართულ მოლაპარაკებებზე საუბარი არ ყოფილა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლებაზე.

წერილის დასაწყისში ქართველი დეპუტატი ამბობს, რომ უკანასკნელ ხანებში საქართველოს მთავრობა პანდემიასთან დაკავშირებული საკითხებით იყო დაკავებული და წერს, რომ "მთელმა მსოფლიომ ერთხმად აღიარა ის წარმატება, რასაც საქართველომ ამ რთულ დროს მიაღწია."

ამის შემდეგ ის ხელისუფლებასა და ოპოზიაცას შორის რვა მარტს გაფორმებულ შეთანხმებას განიხილავს. სონღულაშვილის თანახმად, ოპოზიციამ მოლაპარაკებებისას მკაფიო სიგნალი მიიღო, რომ პატიმრების საკითხი ვერ გახდებოდა შეთანხმების ნაწილი:

"სამწუხაროდ, შეთანხმების ხელმოწერის დღიდან, ოპოზიციამ მოუმატა სასამართლოს არასათანადო პოლიტიზების მცდელობას. ენმ, მისი განშტოებები და პრორუსული სატელიტები შეთანხმებაზე მიუთითებენ, როცა საჯაროდ ითხოვენ, ციხიდან გათავისუფლდნენ უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა, რომლებსაც ბრალად ედებოდათ და დამნაშავედ სცნეს სერიოზული დანაშაულებისთვის და ვისი რთული პოლიტიკური და კრიმინალური წარსულიც კარგადაა ცნობილი ქართული საზოგადოებისთვის. მოლაპარაკებების ოთხივე რაუნდისას ოპოზიციამ ქართული ოცნების წარმომადგენლებისგან მიიღო მკაფიო გზავნილი, რომ ზემოხსენებული პატიმრები ვერც ერთი ფორმით გახდებოდნენ პოლიტიკური მოლაპარაკებისა და შეთანხმების ნაწილი."

როგორც სონღულაშვილი წერილში ამბობს, "რადიკალური ოპოზიციიის მუდმივი მცდელობა, წარმოაჩინოს სააკაშვილი, მერაბიშვილი, ახალაია, ადეიშვილი, უგულავა, ოქრუაშვილი, რურუა და სხვები პოლიტიკურ პატიმრებად და პოლიტიკურ დევნილებად, სრულიად მიუღებელია ქართველი ხალხისთვის, ვინც კარგად უწყის მათი კრიმინალური წარსულისა და აწმყოს შესახებ."

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მადლიერებას გამოხატავს დასავლელი ელჩებისადმი იმ მცდელობისთვის, რაც მათ შეთანხმების მისაღწევად გაიღეს.

"გვსურს, კიდევ ერთხელ გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება მათი მცდელობებისა და მხარდაჭერისთვის, რამაც პირველად გახადა შესაძლებელი, საქართველოში არჩევნები ისეთი სისტემით ჩატარდეს, რომელიც პოლიტიკური პარტიების სრულ კონსენსუსს ეფუძნება. შემაშფოთებელია, რომ ეს შედეგი, რომელიც ელჩების მცდელობების შედეგად იქნა მიღწეული, რადიკალური ოპოზიციის უპასუხისმგებლობამ დააყენოს საფრთხის ქვეშ", - წერს ის.

შემდეგ კი, სონღულაშვილი ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება სთხოვს ელჩებს, საჯაროდ განაცხადონ, რომ მოლაპარაკებებისას საუბარი არ ყოფილა გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილისა და გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ:

"შესაბამისად, იმისათვის, რომ დასრულდეს ყველა სპეკულაცია და უზრუნველყოფილი იყოს შეთანხმების შესრულება, ვთხოვთ იმ ელჩებს, რომლებიც მოლაპარაკებისას შუამავლები იყვნენ, შეთანხმების შინაარს ნათელი მოჰფინონ.

კერძოდ, ჩვენ ვთხოვთ მათ, საჯაროდ დაადასტურონ, რომ ჩვენ არ გვიკისრია ვალდებულება, უკანონო ისტრუქციები მიგვეცა პრეზიდენტისთვის, სასამართლოსთვის და პროკურატურისთვის, რათა შეთანხმების ფარგლებში გათავისუფლებულიყვნენ უგულავა, ოქრუაშვილი და რურუა. ჩვენ აგრეთვე ვთხოვთ მათ, უზრუნველყონ ობიექტური შეფასება  თითოეული ხელმომწერის როლისა საარჩევნო სისტემაზე შეთანხმების აღსრულების პროცესში", - წერს ევროპარლამენტარებს დავით სონღულაშვილი.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის 2020 წლის 8 მარტს გაფორმებული შეთანხმება ორნაწილიანია, მოიცავს რა საარჩევნო სისტემის ცვლილებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების საკითხებს.

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოლაპარაკებებისას კონკრეტული პატიმრების გათავისუფლებაზე საუბარი არ ყოფილა და ამბობენ, რომ შეთანხმების საბოლოო ტექსტში არც ერთი გვარი არაა ნახსენები.

ამას მალევე მოჰყვა განცხადებები საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან - 7 მაისს ევროპარლამენტარმა, ლიტვის ყოფილმა პრემიერმინისტრმა ანდრიუს კუბილიუსმა წერილი მიწერა საქართველოს მთავრობის მაღალჩინოსნებს. წერილში ის ხელისუფლებას შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებდა და ხაზს უსვამდა, რომ "საქართველოს ხელისუფლებას ჯერ კიდევ მისაღწევი აქვს პროგრესისთვის იმ ქმედებების კუთხით, რომლებიც შეიძლება იყოს აღქმული, როგორც საქართველოს სასამართლო და საარჩევნო პროცესის არასათანადო პოლიტიზაცია".

11 მაისს წერილი გაავრცელეს შუამავლებმა. აშშ-ის საელჩოს განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ შეთანხმების ნაწილი იმ საკითხებზეა, რაც სასამართლოში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს. განცხადებას იზიარებდნენ სხვა დასავლელი პარტნიორებიც.

იმავე დღეს აშშ-ის კონგრესში საქართველოსთან მეგობრობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა აშშ-ის საელჩოს განცხადება გააზიარა და დაწერა, რომ "გადამწყვეტი მნიშვნელობისაა შეთანხმების იმპლემენტაცია".

12 მაისს აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ჯეიმს რიშმა დაწერა, რომ ელის "საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით".

13 მაისს გერმანელმა ევროპარლამენტარმა, მიხაელ გალერმა დაწერა, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას ელიან:

"[ქართული ოცნება] ბედს სცდის, ელოდებიან თუ არა საქართველოს დასავლელი მეგობრები პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც. ელოდებიან. ეს აუცილებელია, თუ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უნდა ჩატარდეს".

კომენტარები