8 მარტის შეთანხმება

ვაშაძე: ერთიან განცხადებას შევიმუშავებთ, არც ერთი ნაბიჯი უკან

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციის გაფართოებული შეხვედრა დაიწყო. ახალი საქართველის ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა არიან ერთიანი - პოლიტპატიმრების გათავისუფლება და საარჩევნო სისტემის ცვლილება.

"ამას სრულად უჭერს მხარს ევროკავშირი და აშშ. მათი წარმომადგენლები ესწრებოდნენ ამ მოლაპარაკებებს. აქ ყველა საკითხი დასრულებულია. როგორც გახარია იტყოდა, წერტილია დასმული.

დღეს ვიკრიბებით, რომ კიდევ ერთხელ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ დააფიქსიროს საკუთარი აზრი, რის შემდეგაც ერთიან განცხადებას შევიმუშავებთ, მე იმედი მაქვს, რომ სხვაობა არ იქნება ჩვენს პოზიციებში, ყველა ვიქნებით ერთიანები, ჩვენს ერთიან პოზიციას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს უნდა გვესმოდეს.

თუ ჩვენ რაღაცას წავუყრუებთ, რაღაც დათმობაზე ვიფიქრებთ, ქართული ოცნება მიჩვეულია გადაგდებას, მოტყუებას, თაღლითობას და ის აბსოლუტურად ყველაფერში გადაგვაგდებს, ამიტომ, არც ერთი ნაბიჯი უკან, მხოლოდ და მხოლოდ წინ" - თქვა ვაშაძემ შეხვედრის დაწყებამდე.

8 მარტს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმება საარჩევნო ცვლილებას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითვალისწინებს. თუმცა, მმართველი გუნდის მტკიცებით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან და "ვერ ვიფიქრებთ იმ პირობის შესრულებაზე, რაც ბუნებაში არ არსებობს".

შეთანხმების გაფორმებას პარტნიორი ქვეყნების ელჩები ესწრებოდნენ. მათ საერთო განცხადებაც გაავრცელეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მემორანდუმი ორნაწილიანია და ერთი საარჩევნო სისტემას ეხება, მეორე კი - ყურადღებას ამახვილებს იმ საკითხების გადაჭრაზე, რაც სასამართლო სისტემაში პოლიტიკურ ჩარევას ჰგავს.

კომენტარები