თბილისის მერია

კალაძე: ჭავჭავაძის გამზირის შემდეგ, საავტობუსე ზოლებს მოვაწყობთ ყველა ქუჩაზე

Kakha Kaladze კახა კალაძე / FB

თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირის შემდეგ, მთელი ქალაქის მასშტაბით, ყველა ქუჩაზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის სპეციალური ზოლები მოეწყობა. დედაქალაქის მთავრობის 13 მაისის სხდომაზე კალაძემ აღნიშნა, რომ ამჟამად ჭავჭავაძეზე ასფალტის ბოლო ფენას აგებენ.

"თქვენ იცით, რომ ჭავჭავაძის გამზირზე საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის გამზირის შუა ნაწილი იქნება გამოყოფილი იმისთვის, რომ ავტობუსმა ყოველგვარი შეფერხების, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლოს გადაადგილება და ის, რაც ჩვენ ვთქვით 2 წლის წინ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა იყოს ქალაქში ყველაზე სწრაფი, ეს, რა თქმა უნდა, არის იმ პოლიტიკის ნაწილი.

ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ ანალოგიური პროექტების განხორციელებას, რომ შესაბამისი საავტობუსე ზოლები უნდა გავაჩინოთ ყველა ქუჩაზე. ადამიანებმა, რომლებიც სარგებლობენ საზოგადოებრივი ტრანსპორტით, და ძალიან ბევრი ადამიანი სარგებლობს, მათ უნდა მოახერხონ კომფორტულად მგზავრობა. დედაქალაქის მუნიციპალიტეტი ამისთვის შექმნის ყველა პირობას,“ – ამბობს კახა კალაძე.

ჭავჭავაძის გამზირზე, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ავტომობილების მოძრაობის საპირისპიროდ ივლის. თბილისის მერია იმავეს გეგმავს გლდანში, ხიზანიშვილისა და ვეკუას ქუჩებზე.

კომენტარები