8 მარტის შეთანხმება

კობახიძე სენატორ რიშის კრიტიკას იმით ხსნის, რომ ის 2012 წლის დეკემბერშიც შეშფოთებული იყო

ქართული ოცნების დეპუტატი ირაკლი კობახიძე სენატორ ჯეიმს რიშის განცხადებას ეხმაურება, რომელიც მმართველ გუნდს მოუწოდებს, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება, მათ შორის "გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები". 

კობახიძე რიშის ამ განცხადებას იმით ხსნის, რომ მისივე თქმით, ოპოზიცია მუდმივად ახერხებდა და დღესაც ახერხებს აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს არასწორი ინფორმაცია მიაწოდოს. ამის დასტურად კობახიძემ რიშისა და კიდევ 4 სენატორის მიერ 2012 წლის დეკემბერში ბიძინა ივანიშვილისთვის გაგზავნილი წერილი გაიხსენა. 

"გამოვხატავთ ღრმა შეშფოთებას იმ პოლიტიკური ფიგურების დაკავების, გამოძიების, დაპატიმრებების და დევნის გამო, რომლებიც ოპოზიციურ პარტიას უკავშირდება. დღევანდელი ჩვენი წერილის მიზანია მეტი წუხილი გამოვთქვათ იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა, ეს ნაბიჯები პოლიტიკურად მოტივირებულია და არჩევნების შემდგომი პოლიტიკური ანგარიშსწორების სურვილითაა გამოწვეული.

დაჟინებით გთხოვთ, გააკეთოთ ყველაფერი, რათა თავიდან აიცილოთ შერჩევითი სამართალი წინა ხელისუფლების წარმომადგენელთა მიმართ აღქმის თვალსაზრისითაც კი", - წერდნენ მაშინ სენატორები. 

კობახიძის თქმით, ამ წერილის ბოლო სიტყვები განსაკუთრებულად ნიშანდობილივია და წერილები მათთვის უცხო არ არის, წერილების ავტორების გვარები კი, მისივე თქმით, მეორდება. 

"როგორც მოგეხსენებათ, არის სენატორი რიში, არის ევროპარლამენტარი კუბილიუსი და ა.შ. სულ ვტრიალებთ ერთსა და იმავე 10 გვარში. ეს იმას ნიშნავს, რომ აქვს ერთი და იგივე ხაზი გაჭრილი ოპოზიციას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, თავისი განშტოებებით და ის მუშაობს ამ ხაზებით, აქვს გარკვეული კონტაქტები და ისინი სისტემატურად ახერხებენ ამ კონკრეტული ადამიანებისთვის, რომლებსაც ძალიან დიდ პატივს ვცემთ, აწვდიან არასწორ ინფორმაციას", - ამბობს კობახიძე ტელეკომპანია იმედის ეთერში. 

წერილით, რომელზეც კობახიძე საუბრობს აშშ-ის ხუთმა სენატორმა - ჯინ შაჰინმა, ჯო ლიბერმენმა, ჯეიმს რიშმა, ლინდსი გრაამმა და ჯონ მაკკეინმა - მაშინდელ პრემიერმინისტრს, ბიძინა ივანიშვილის, 2012 წლის 6 დეკემბერს მიმართა, როდესაც უკვე დაწყებული იყო სისხლის სამართლებრივი დევნა წინა ხელისუფლების რიგი მაღალჩინოსნების მიმართ. 

8 წლის წინ ხელისუფლებაში ახალმოსულ ქართულ ოცნებას სენატორები მოუწოდებდნენ, ყველაფერი გაეკეთებინათ, რათა შერჩევითი სამართალი თავიდან აეცილებინათ, ხოლო 8 წლის შემდეგ კი იგივე სენატორი რიში მეორე ვადით არჩეულ ქართულ ოცნებას უკვე პირდაპირ მოუწოდებს, გაათავისუფლოს პოლიტიკური პატიმრები. 

"საქართველოს პოლიტიკური პარტიებისგან მარტის შეთანხმების სრულად შესრულებას ველი, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების და ახალი საარჩევნო სისტემისკენ წინსვლის ჩათვლით", - დაწერა რიშმა 12 მაისს. 

კომენტარები