სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმა

ბობოხიძე: დღეს წარდგენილი გეგმა არაეფექტური იქნება, გადასახადების დაწევის გზით წასვლა ჯობდა

ევროპული საქართველოს წევრის, აკაკი ბობოხიძის თქმით, ხელისუფლების მიერ დღეს წარმოდგენილი სოფლის მეურნეობის დახმარების გეგმა, არის ერთჯერადი და არაეფექტური იქნება.

ბობოხიძე ამბობს, რომ სჯობდა ხელისუფლება წასულიყო გადასახადების დაწევის გზით და ასეთ შემთხვევაში ფასები გაუიაფდებოდა არა მარტო ფერმერებს, არამედ ნებისმიერი ფენის წარმომადგენელს. 

"ხელისუფლება აკეთებს ერთ რამეს - მოსახლეობის ერთი ნაწილიდან იღებს ბევრ ფულს და ეხმარება მოსახლეობის რომელიღაც სხვა ნაწილს.

თუ დავწევდით ვთქვათ, აქციზის გადასახადს საწვავზე, არა მარტო ფერმერისთვის გაიაფდებოდა საწვავი, არამედ ყველა მოქალაქისთვის, რაც ეკონომიკას მისცემდა წამახალისებელ ეფექტს", - ამბობს ბობოხიძე.

ხელისუფლების მიერ დღეს წარმოდგენილი გეგმით, ყველა ფერმერი, ერთ ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე 150 ლიტრ დიზელის საწვავს მიიღებს, რომელიც იქნება გარანტირებულ საბაზრო ფასზე ერთი ლარით იაფი. გარდა ამისა, ფერმერები თითო ჰექტარ სამეურნეო მიწაზე 200 ლარიან დახმარებას მიიღებენ.

პროგრამის ბიუჯეტი 37 მილიონი ლარი იქნება და მისი განხორციელება 2020 წლის 20 მაისიდან უნდა დაიწყოს.

კომენტარები