რუსეთი

დმიტრი პესკოვს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა

დმიტრი პესკოვი და ვლადიმერ პუტინი
Russia Insider

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის, პრესმდივანი დმიტრი პესკოვი ახალი კორონავირუსით დაინფიცირდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. ის მკურნალობას საავადმყოფოში აგრძელებს. 

როგორც რუსული მედია წერს, ბოლოს პესკოვი საჯაროდ 30 აპრილს გამოჩნდა, როდესაც რუსეთის პრემიერმინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა, განაცხადა, რომ მას კორონავირუსი აქვს. მიშუსტინის გარდა ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა კულტურის მინისტრს, ოლგა ლიუბიმოვასაც. 

პუტინმა 12 მაისს თქვა, რომ ახალი კორონავირუსით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქება ეტაპობრივად მოხდება და ყველა რეგიონმა თავისი მიდგომა უნდა შეიმუშავოს. მისივე თქმით, დღეიდან არასამუშაო დღეების პერიოდი ეკონომიკის ყველა სექტორისთვის დასრულდება. მისივე განმარტებით, უპირველეს ყოვლისა, მუშაობა უნდა განახლდეს მშენებლობებზე, აგრარულ და ენერგეტიკის სექტორში.

პუტინი ირწმუნება, რომ რუსეთმა თვითიზოლაციის პერიოდი ჯანდაცვის სისტემის მოსამზადებლად გამოიყენა და საავადმყოფოებში ახლა მეტი ადგილია, რაც ათასობით ადამიანს გადაარჩენს. მიუხედავად მისი განცხადებისა, რუსული მედია წერს, რომ რუსეთის საავადმყოფოებში სავალალო მდგომარეობაა, ექიმებს არ აქვთ საკმარისი რაოდენობის აღჭურვილობა, ცუდი პირობების გამო გაიფიცნენ ექთნები და მედპერსონალის ნაკლებობის გამო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებს კორონავირუსიან პაციენტებთან მუშაობას აიძულებენ.

3 მაისს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმი, რომელიც წუხილს გამოთქვამდა იმის გამო, რომ ახალი კორონავირუსით ინფიცირების მიუხედავად, მუშაობის გაგრძელებას აიძულებდნენ, საავადმყოფოს ფანჯრიდან "გაურკვეველ ვითარებაში" გადავარდა. The Moscow Times-ის ინფორმაციით, ბოლო ორ კვირაში მესამე შემთხვევაა, როდესაც რუსეთში მედპერსონალი საავადმყოფოს ფანჯრიდან "გაურკვეველ ვითარებაში" ვარდება.

პუტინის დღევანდელ განცხადებამდე რუსეთში ახალი კორონავირუსით დაავადების ახალი შემთხვევების რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა და ქვეყანამ ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობით იტალიას გადაასწრო. 24 საათში ახალი კორონავირუსი კიდევ 11 656 ადამიანს დაუდასტურდა. ინფიცირებულთა რიცხვმა ქვეყანაში 221 344-ს მიაღწია, გარდაცვლილთა რიცხვმა კი 2 009-ს. გარდაცვლილთა შორის ასზე მეტი ექიმია.

კომენტარები