აჭარის ტელევიზია

რეხვიაშვილი: Facebook პოსტისთვის ადამიანებს დევნიან ჩრდ. კორეაში, რუსეთში და აჭარის ტელევიზიაში

აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტის მალხაზ რეხვიაშვილის თქმით, არ ელოდა რომ Facebook პოსტის გამო სამსახურიდან გაათავისუფლებდნენ. ის ტელეკომპანია ფორმულასთან საუბარში ამბობს, რომ ჩივილს აპირებს. 

"Facebook-ზე დაწერილი პოსტის გამო ადამიანებს დევნიან ჩრდილოეთ კორეაში, რუსეთში და აჭარის საზ. მაუწყებელში... პროფესიული კავშირით ადამიანის საქმიანობის დევნა, თავმჯდომარის მოხსნა, საზოგადოებრივი ორგანიზაციის საქმიანობაში ხელის შეშლა არის სისხლის სამართლის დანაშაული და შესაბამისად, ვიჩივლებთ არა მარტო სასამართლოში, არამედ პროკურატურაშიც",- ამბობს რეხვიაშვილი. 

ჟურნალისტი აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლიდან დღეს გაათავისუფლეს. საქმე ეხება პოსტს, რომელიც ჟურნალისტმა 21 აპრილს, ტელევიზიის წამყვანის, თეო თურმანიძის ეთერიდან მოხსნის გამო დაწერა. მისი თქმით, აჭარის ტელევიიის მენეჯმენტს "ან დაწყებითი განათლება არ აქვს, ან ფეხებზე ჰკიდია სამართალი".

აჭარის ტელევიზიის თანამშრომლები უკვე რამდენიმე თვეა, ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ. გამართეს არაერთი საპროტესტო აქცია და აგრძელებენ სარედაქციო დამოუკიდებლობის დაცვის მცდელობას.

2019 წლის 19 აპრილს არხის დირექტორის პოსტიდან გაათავისუფლეს ნათია კაპანაძე, რომელიც მაუწყებელს 2016 წლიდან ხელმძღვანელობდა. მის ნაცვლად გიორგი კოხრეიძე დანიშნეს, თუმცა ამისთვის მრჩეველთა საბჭოს რამდენიმე თვე დასჭირდა. კონკურსი 4-ჯერ ჩაიშალა. მეხუთე მცდელობაზე, 2019 წლის 22 ნოემბერს, დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა საშტატო განრიგის ცვლილება იყო.

სწორედ მან, პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა. კოხრეიძისვე ინიციატივა იყო რამდენიმე თანამდებობის გაუქმება, მათ შორის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატის. ამ პოსტს ტელევიზიაში მაია მერკვილაძე იკავებდა, რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა. თანამდებობის დატოვება მასაც მოუწია.

13 მარტს სამსახურიდან გაათავისუფლეს წამყვანი თეონა ბაკურიძე, რომელიც აქტიურად აპროტესტებდა გიორგი კოხრეიძის მიერ ტელევიზიის სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვისკენ მიმართულ ნაბიჯებს. კოხრეიძემ ბაკურიძის გათავისუფლების მიზეზად "თანამშრომლებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა" დაასახელა.

ამის შემდეგ, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციიო სამსახურის უფროსმა, გიორგი აბაზაძემ თეონა თურმანიძეს მთავარი საინფორმაციო გამოშვების წაყვანა შესთავაზა, რამდენიმე საათში კი გადათქვა. თურმანიძეს თეონა ბაკურიძე უნდა ჩაენაცვლებინა, რომელსაც არხის დირექტორმა დროებით უფლებამოსილება შეუჩერა. შეთავაზებას თურმანიძე პირდაპირ ეთერში დათანხმდა. მან თქვა, რომ კოლეგების თხოვნით, თანახმაა, გამოშვებას დროებით გაუძღვეს. აბაზაძემ გადაწყვეტილება სწორედ ამის შემდეგ შეცვალა.

21 აპრილს კი, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა გიორგი კოხრეიძემ საინფორმაციო გამოშვების წამყვანი თეონა თურმანიძე ეთერიდან საერთოდ მოხსნა. ჟურნალისტის თქმით, გადაწყვეტილების მიზეზად მაუწყებელთან დაკავშირებით მის მიერ გამოხატული პოზიცია დაუსახელეს - facebook-ზე 10 და 11 აპრილს დაწერილი პოსტები, სადაც თურმანიძე აკრიტიკებდა დირექტორის გადაწყვეტილებას ტელევიზიის ვებგვერდთან დაკავშირებით. კერძოდ, გიორგი კოხრეიძის გადაწყვეტილებით, აჭარის ტელევიზიის ონლაინ სამსახურს ახალი ამბების სამსახური გამოეყო და მის ხელმძღვანელად ნინო ხაჟომია დაინიშნა.

აღსანიშნავია, რომ აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტმა საკუთარ ვებგვერდზე მაუწყებლის თანამშრომლებისათვის სოციალურ ქსელში პოზიციონირების წესები 20 აპრილს განათავსა. არხის მენეჯმენტმა სწორედ 20 აპრილს მიღებული წესებით იხელმძღვანელა 10 დღით ადრე, 10-11 აპრილს დაწერილ პოსტებზე.

კომენტარები