კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: რამდენიმე დღეა, ახალი ინფიცირებულები არ გვყავს, დღეს რამდენიმე პაციენტი გაეწერება

რადიო თავისუფლება

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ დროისთვის, კლინიკაში 68 პაციენტი მკურნალობს. მათგან კორონავირუსით ინფიცირებულია 52-ია. მისი თქმით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა.

რამდენიმე დღეა კლინიკას ახალი ინფიცირებული პაციენტები არ მიუღია. რატიანი ასევე ამბობს, რომ 3 რეანიმაციული პაციენტიდან კორონავირუსი არცერთთან არ დასტურდება.

"1 სპონტანურ სუნთქვაზეა, 2 გამარტივებულ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზეა, დადებითი დინამიკით. არცერთ მათგანთან კოვიდინფექცია არ დასტურდება. ველოდებით ტესტირების შედეგებს. დაახლოებით დღის მეორე ნახევარში გვეცოდინება და რამდენიმე პაციენტი დატოვებს კლინიკას. იმედია, ასე გაგრძელდება და ჩვენი კლინიკა მალე გადავა ჩვეულ რეჟიმში", - ამბობს რატიანი. 

11 მაისის დილის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 638 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 317 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 10 - გარდაიცვალა. საკარანტინო რეჟიმში 4 896 ადამიანი რჩება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 444.

კომენტარები