კორონავირუსი საქართველოში

თეთრიწყაროს მერი: COVID-19-ის 4 ახალი შემთხვევა დაგვემატა, 2 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია

რუსთავი 2

თეთრიწყაროში დღეს, 10 მაისს, კორონავირუსით ინფიცირების 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი ქორიძის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან 2 სამედიცინო სფეროს წარმომადგენელია. 

"დაგვემატა 4 ახალი შემთხვევა. აქედან 2 ადამიანი საკარანტინო ზონიდან არის. 2 თვითიზოლაციაში მყოფი პირია, ისინი კარანტინში მყოფი სამედიცინო პერსონალის ოჯახის წევრები არიან. 2 ადამიანი კი, რომლებიც საკარანტნო ზონიდან არიან, სამეცინო სფეროს წარმომადგენლები არიან", - თქვა ქორიძემ მაესტროსთან ინტერვიუში.

მისივე ინფორმაციით, თეთრიწყაროში, ბოლო მონაცემებით, COVID-19-ით ინფიცირების 51 შემთხვევაა დადასტურებული.  

"პირველი შემთხვევა, რომელიც თეთრიწყაროში დაფიქსირდა, სამედიცინო სფეროს თანამშრომელი იყო და მის შემდეგ სამედიცინო სფეროს არ გასცილებია. ძირითადად, შემთხვევები ფიქსირდება ან მათ ოჯახში, ან თვითონ სამედიცინო სფეროს თანამშრომლებში. ძირითადად, ყველა შემთხვევა ამ კლასტერს უკავშირდება", - თქვა მან.  

მისივე ინფორმაციით, დღეს მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე 15 ტესტი ჩატარდა.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავრიუსით ინფიცირების 635 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 309 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 10 პაციენტი კი გარდაიცვალა.  

გუშინ, 9 მაისს, თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ საქართველოში ექიმთა ინფიცირების შემთხვევები 72-მდე გაიზარდა.

კომენტარები