Google და Facebook

GOOGLE-სა და FACEBOOK-ის თანამშრომლების უმეტესობა 2021 წლამდე სახლებიდან იმუშავებს

Google-ის ოფისი.

Google-სა და Facebook-ის წარმომადგენლების ინფორმაციით, მათი თანამშრომლების უმეტესობა 2021 წლამდე სახლებიდან იმუშავებს.

თავდაპირველად, Google ოფისების გახსნას 1 ივნისს გეგმავდა, მაგრამ თარიღმა გადაიწია. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, სუნდარ პიშაის თქმით, ის თანამშრომლები, რომლებსაც სამუშაოს შესასრულებლად აუცილებლად ოფისებში დაბრუნება სჭირდებათ, ამას სავარაუდოდ ივლისიდან შეძლებენ. თუმცა, მისივე თქმით, თანამშრომლების უმეტესობა 2021 წლამდე მუშაობას სახლიდან განაგრძობს.

სუნდარ პიშაიმ ასევე თქვა, რომ ოფისში დაბრუნებული ყველა თანამშრომლისთვის გაზრდილი იქნება უსაფრთხოების ნორმები და მათთვის ეს "განსხვავებული" გამოცდილება იქნება.

Facebook-ის წარმომადგენლის თქმით, ისინი ოფისების გახსნას 6 ივლისიდან გეგმავენ, თუმცა იქ მისვლას თანამშრომლებს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში მოთხოვენ.

"დღეს ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ ყველას, ვისაც შეუძლია სამუშაოს სახლიდან შესრულება, შეუძლია წლის დასასრულამდე ასე იყოს. როგორც წარმოგიდგენიათ, სიტუაცია ვითარდება ისე, რომ დასაქმებულებმა და მათმა ოჯახებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება სამსახურში დაბრუნების შესახებ", - თქვა Facebook-ის წარმომადგენელმა.

ორივე კომპანია - Google-იც და Facebook-იც - სახლიდან მუშაობის რეჟიმზე მარტიდან გადავიდა. გარდა ამისა, Facebook-მა თავის თანამშრომლებს 1 000 დოლარიანი ბონუსები დაურიგა ბავშვების მოვლისა და სახლიდან მუშაობისთვის.

კომენტარები