8 მარტის შეთანხმება

კაპანაძე: 8 მარტის შეთანხმება თუ ჩავარდება, პასუხისმგებლობა ივანიშვილზე და "ოცნებაზე" იქნება

პირველი არხი

"სრულიად გაუგებარია, ოპოზიციის რა პასუხისმგებლობაზე საუბრობს ბატონი თალაკვაძე", - ევროპული საქართველოს წევრი სერგი კაპანაძე პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება, სადაც თალაკვაძე ამბობს, რომ თუ პარლამენტში საარჩევნო მოდელი ჩავარდება, პასუხისმგებლობა ოპოზიციას დაეკისრება.

კაპანაძე ამბობს, რომ შეთანხმება ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიღწეული იქნა ორ რამეზე - პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე და საარჩევნო სისტემაზე. მისივე თქმით, ეს ორი საკითხი არის ერთ პაკეტში და თუ პოლიტპატიმრების ნაწილი შესრულდება, ოპოზიცია მზად არის მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს. 

"თუ ისინი არ გაათავისუფლებენ პოლიტიკურ პატიმრებს, მიუხედავად მრავალი მოწოდებისა, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, ასეთ შემთხვევაში, ისინი ჩააგდებენ ამ შეთანხმებას, ძალიან მარტივია ყველაფერი. მოსახლეობისთვის მეორედ თვალებში ნაცრის შეყრას, სჯობს, რომ აღებული ვალდებულება შეასრულონ", - ამბობს სერგი კაპანაძე.

კაპანაძის თქმითვე, წინააღმდეგ შემთხვევაში, პასუხისმგებლობა არა ოპოზიციას, არამედ ქართულ ოცნებას და ბიძინა ივანიშვილს დაეკისრება.

"გაათავისუფლონ პოლიტპატიმრები, ამის მერე მოხდება პირველი მოსმენით საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება და ნორმალურ საარჩევნო პერიოდზე გადასვლა", - ამბობს კაპანაძე.

პოლიტპატიმრების საკითხი ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, დიპლომატიური კორპუსის თანხლებით, 8 მარტს მიღწეული შეთანხმების მნიშვნელოვანი ნაწილია.

ოპოზიცია ამბობს, რომ მოლაპარაკებებზე კონკრეტული პირების გათავისუფლებაზე შეთანხმდნენ, ხელისუფლება კი საჯაროდ შეთანხმების ამ ნაწილს უარყოფს. 

იმას, რომ 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი სწორედ პოლიტპატიმრებს ეხებოდა, ადასტურებს საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადებაც, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის, 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხებოდა. 

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება",- წერდა საელჩო 14 აპრილს. 

პოლიტპატიმრების კონტექსტში, 8 მარტის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებს ხელისუფლებას ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსიც. წერილში, რომელითაც მან საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართა, წერს, რომ ირაკლი ოქრუაშვილის, გიგი უგულავასა და გიორგი რურუას საქმეებს ხელისუფლებამ ჯერ კიდევ არ მიხედა სათანადოდ, რაც "კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 8 მარტის შეთანხმებას".

კომენტარები