კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ექიმების ინფიცირების შემთხვევები 72-მდე გაიზარდა

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით 72 ექიმია ინფიცირებული. 

"ერთის კვლევა მიმდინარეობს, რომელიც ბოჭორიშვილის კლინიკაშიც მუშაობს და საჯაროშიც. თითქოს დაუდასტურდა, მაგრამ ხდება დამაზუსტებელი კვლევები. რა თქმა უნდა, კარგი არ არის და პროცენტიც თითქოს მაღალია, 10%-ზე მეტია, მაგრამ ისიც იმიტომ, რომ სულ 626 ინფიცირებულია, თორემ იტალიასა და ევროპის ქვეყნებში 6000-ზე მეტი სამედიცინო მუშაკია დაინფიცირებული და მათგან ნაწილი გარდაიცვალა. 

ყველაფერზე ნუ ვიქნებით ძალიან პრეტენზიული და ძალიან სენსიტიური, იმიტომ, რომ 72 ცოტა არ არის, მაგრამ ცოტა არ არის ჩვენთვის, თორემ ევროპის ქვეყნებთან შედარებით, სადაც ათასებია, ეს არის მიზერი, თან არც ერთი მედიცინის მუშაკი არ გარდაცვლილა", - თქვა ცერცვაძემ.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ექიმთა ინფიცირების მიზეზი, შესაძლოა, სამედიცინო ეკიპირების არასწორი გამოყენება იყოს.

"იცით, რა ძნელია იმ კომბინიზონების, შლემებისა და სათვალეების ჩაცმა? ეს სათქმელადაა ადვილი. გახდის დროს თუ საკმარისად ტრენირებული არ ხარ, საკმარისია, ერთი ხელთათმანი ან ხალათი არასწორად გაიხადო, რომ ინფიცირებულ ადგილთან გიხდება შეხება", - თქვა ცერცვაძემ. 

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 626 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 297 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით 10 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები