სააკაშვილი უკრაინაში

მდინარაძე: ელჩის დაბარება კონსულტაციაზე აბსოლუტურად რელევანტური იყო

ტაბულა

ქართული ოცნების ლიდერი მამუკა მდინარაძე უკრაინაში საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დანიშვნას ეხმაურება და ამბობს, რომ საქართველოს ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება " აბსოლუტურად რელევანტური იყო." 

"ბუნებრივია, პოლიტიკური თანამდებობის დაკავების შემთხვევაში ჩვენი რეაქცია იქნებოდა მწვავე. მაგრამ, ამ შემთხვევაშიც, ვფიქრობ, რომ ეს არ არის კარგი. ჩვენ ამაზეც გვქონდა რეაქცია. როგორი პროპორციაც არის იმ პოლიტიკურ თანამდებობასა და სტატუსს შორის, რაც აქვს ვიცეპრემიერსა და რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს შორის, ზუსტად ასეთი პირდაპირპროპორციულად მსგავსი რეაქცია გვქონდა ჩვენ და საგარეო საქმეთა სამინისტროს. სხვა შემთხვევაში შეიძლება, უფრო სხვა დამოკიდებულება გამოგვეხატა სხვანაირად. 

ამ შემთხვევაში, ელჩის დაბარება კონსულტაციაზე აბსოლუტურად რელევანტური იყო. მით უმეტეს, როცა ვსაუბრობთ, რომ ასეთი მომენტი, პირველ რიგში, ვერ გააფუჭებს ხალხებს შორის ურთიერთობას და, მათ შორის, ჩვენ, მიუხედავად ამისა, შევინარჩუნებთ კარგ ურთიერთობას ხელისუფფლებასთან, რადგან არის ორივე ერის დაკვეთა", - ამბობს მდინარაძე პოსტივის ეთერში. 

მდინარაძის თქმით, ქართული მხარე მოიქცა ისე, "როგორც მოიქცეოდა ნებისმიერი ქვეყანა, რომლის სასამართლოს სამივე ინსტანციის მიერ გასამართლებული და მსჯავრდებული პირი სადღაც, რომელიმე ქვეყანაში რაღაც პოზიციას იკავებს." 

7 მაისს საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დაინიშნა.

მას შემდეგ, რაც უკრაინაში სააკაშვილის ჯერ ვიცე პრემიერად, შემდეგ კი მრჩევლად დანიშვნის შესახებ საუბარი დაიწყო, ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ ამან შესაძლოა უკრაინასთან დიპლომატიური ურთიერთობის გადახედვა განაპირობოს.

სააკაშვილის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარედ დანიშვნის შემდეგ საქართველოს მთავრობამ უკრაინაში საქართველოს ელჩი, თეიმურაზ შარაშენიძე, თბილისში კონსულტაციებისთვის გამოიძახა.

ელჩის გამოძახება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, ქართული მხარის შეცდომად შეაფასა. 

განცხადება გაავრცელა უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. სამინისტროს ცნობით, ელჩის გამოძახებას მეგობარი ქვეყნების ურთიერთობისთვის საფრთხედ არ აღიქვამენ.

კომენტარები