ემიგრანტების დაბრუნება

ზალკალიანი: ევროპიდან თბილისში ემიგრანტების დასაბრუნებლად ახალი რეისები დაინიშნა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის ინფორმაციით, საქართველოს საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების ეტაპბრივი პროცესი გრძელდება.

დაინიშნა შემდეგი რეისები:

  • 12 მაისი - თბილისი- ლონდონი
  • 15 მაისი - თბილისი-ამსტერდამი (რომლითაც ისარგებლებენ ამერიკის კონტინენტიდან წამოსული საქართველოს მოქალაქეები)
  • 18 მაისი - თბილისი-ლარნაკა
  • 20 მაისი - თბილისი-ათენი
  • 22 მაისი - რეისი რომიდან

ზალკალიანის თქმით, პირველი საგანგებო რეისები რომიდან დაიწყო, ამიტომ საგანგებო მდგომარეობის დასრულებისას, ანუ 22 მაისს, რომიდან რეისი სიმბოლური იქნება. მისივე თქმით, მოქალაქეთა დაბრუნება შემდგომშიც გაგრძელდება, მაგრამ შესაძლოა, ისინი რეგულარული რეისებით დაბრუნდნენ ქვეყანაში, თუკი აღდგება. 

საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, მთავრობის მხარდაჭერით უცხოეთიდან კორონავირუსის პანდემიის დროს საქართველოს 10 ათასი მოქალაქე დაბრუნდა. ზალკალიანის თქმით, საქართველოს მიდგომა უცხოეთში მყოფი თანამემამულეების დაბრუნების და ადგილზე მათი დახმარების გაწევის საკითხში "სამაგალითო" შეიძლება აღმოჩნდეს საერთაშორისო თანამეგობრობისთვის.

მისივე თქმით, მოქალაქეების ყველაზე დიდი რაოდენობა, 5 854, საქართველოში საჰაერო გზით დაბრუნდა, 3 946 ადამიანი კი საქართველოში სახმელეთო და საზღვაო გზით ჩამოვიდა.  მთავრობის ფინანსური დახმარებით ჯამში 61 სპეციალური ავიარეისი დაინიშნა.

"დღეს უკვე 10 ათას გადააჭარბა Covid-19-ის გავრცელების პირობებში სახელმწიფოს ხელშეწყობით საქართველოში დაბრუნებული მოქალაქეების რაოდენობამ. საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაავადების გავრცელების პირველივე ეტაპზე, გამოიყვანა საკუთარი მოქალაქეების პანდემიის მაღალი რისკის ზონებიდან – იტალიიდან და ჩინეთიდან,"-განაცხადა ზალკალიანმა.

საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დადგა - მათ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ადგილები და საცხოვრებელი დაკარგეს.

კომენტარები