ემიგრანტების დაბრუნება

საგარეო უწყება: ევროპის ქალაქებიდან თბილისში ემიგრანტების დასაბრუნებლად რეისები დაინიშნა

მთავარი არხი

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს იმ მოქალაქეებს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან, საქართველოში დააბრუნებენ.

დაინიშნა შემდეგი რეისები:

  • 16 აპრილი - პარიზი-თბილისი
  • 18 აპრილი - თელავივი-თბილისი
  • 21 აპრილი - რომი-თბილისი


რეისებს კომპანია Georgian Airways შეასრულებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ბილეთები რეისის დაწყებამდე 2 დღით ადრე, კომპანიის ვებ გვერდზე გაიყიდება და მისი ფასი 199 ევრო იქნება. საქართველოში ჩამოსული ყველა მგზავრი გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

უწყების ცნობით, საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული რეისებიდან ასევე განხორციელდება :

  • 7 აპრილი - ათენი-თბილისი
  • 10 აპრილი - ლარნაკა - თბილისი
  • 12 აპრილი - ბერლინი-თბილისი
  • 14 აპრილი - ამსტერდამი-თბილისი


ასევე, მოქალაქეების ორგანიზებული დაბრუნება მოხდა შემდეგი ქვეყნებიდან: ჩინეთი, იტალია, ირანი, პოლონეთი,ბულგარეთი,გერმანია, საბერძნეთი, ბელარუსი, ნიდერლანდები, ეგვიპტე, აზერბაიჯანი, სომხეთი.

თუმცა, საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ დანიშნული თარიღებისთვის ბილეთის საყიდლად საკმარისი თანხა არ აქვთ, ასევე, ზოგიერთი მათგანი ამბობს, რომ რეისი და ბილეთები საკმარისი არ არის და ყველა მათგანი მათ ყიდვას ვერ ახერხებს.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 27 მარტს საქართველოს ხელისუფლებას ემიგრანტების საქართველოში დაბრუნებაში დახმარება შესთავაზა.

"ჩემი შეთავაზება შემდეგია – მე მაქვს საკმარისი კავშირები და საკმარისი ორგანიზაციული რესურსი იმისთვის, რომ ორგანიზება გავუწიოთ საჰაერო და სხვა გზებით ამ ადამიანების ჩამოყვანას კარანტინში, დაცულად, მაგრამ საკუთარ სამშობლოში, იმიტომ, რომ ეს ხალხი იქ შიმშილით დაგვეხოცება. მათ შეუძლიათ დაუკავშირდნენ ჩემს ბიბლიოთეკას, არაფორმალურად შეუძლიათ დაუკავშირდნენ ენმ-ის ცენტრს, რომელიც ემიგრანტებთან მუშაობს, იმიტომ, რომ მათ აქვს სიები და ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა გაწერილი, მათ შორის, ფინანსური რესურსი მოძიებული, იმისთვის, რომ მასობრივად მოვახდინოთ მათი ჩამოყვანა კარანტინში", - თქვა სააკაშვილმა. თუმცა, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მის შეთავაზებას აზრს მოკლებული უწოდა.

საქართველოს მოქალაქე ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნების საკითხი დღის წესრიგში კორონავირუსის პანდემიის შემდეგ დადგან - მათ ევროპის ქვეყნებში სამუშაო ადგილები და საცხოვრებელი დაკარგეს.

კომენტარები