კორონავირუსი საქართველოში

სოლოღაშვილი: ამ ეტაპზე covid19-ის სამკურნალოდ პლაზმაფერეზს არ ვიყენებთ, განხილვის საკითხია

რადიო თავისუფლება

ბოჭორიშვილის კლინიკის სამელთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, ბოჭორიშვილის კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ პლაზმაფერეზის გამოყენება ჯერ არ დაუწყიათ. მისი თქმით, ეს ჯერ განხილვის საკითხია. 

"ამ ეტაპზე, პლაზმაფერეზი გამოყენებული არ გვაქვს. ეს არის განხილვის საკითხი. როდესაც ცოტა მეტი კლინიკური მტკიცებულებები გვექნება, ჩვენი კლინიკა შესაბამისად მიიღებს გადაწყვეტილებას", - თქვა სოლოღაშვილმა. 

გუშინ, 7 მაისს, ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ თქვა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტს 13 აპრილს, პლაზმაფერეზის პირველი პროცედურა ჩაუტარდა და მისი მდგომარეობა როგორც კლინიკურად, ისე ლაბორატორიული მონაცემების მხრივ ოდნავ გაუმჯობესდა. 18 აპრილს პაციენტს მეორე პროცედურა ჩაუტარდა, რის შემდეგაც, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, ავადმყოფის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.

"აღნიშნული შემთხვევა იმით არის საინტერესო, რომ საქართველოში პირველად მოხდა პლაზმაფერეზის გამოყენება COVID-19-ით პაციენტის სამკურნალოდ და ამ შემთხვევამ გვიჩვენა, რომ პლაზმაფერეზი შესაძლოა სასარგებლო გამოდგეს COVID-19-ით მძიმე ავადმყოფების სამკურნალოდ (ყოველ შემთხვევაში ცალკეულ ავადმყოფებთან), მაგრამ მისი გამოყენება აუცილებლად უნდა მოხდეს ჩვენებების და უკუჩვენებების მკაცრად გათვალისწინებით", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ.

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 615 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 275 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით 9 პაციენტი გარდაიცვალა. 

კომენტარები