Facebook-ის მიერ ანგარიშების წაშლა

მდინარაძე: FACEBOOK-ის განცხადებაში მხოლოდ ერთი პარტია, ენმ არის ნახსენები

ტაბულა

უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე FACEBOOK-ის მიერ ქართული ანგარიშების ქსელის გაუქმებას ეხმაურება და ამბობს, რომ სოციალური ქსელი არაავთენტური ანგარიშების მხოლოდ ერთ პარტიასთან - ნაციონალურ მოძრაობასთან - კავშირზე მიუთითებს.

"FACEBOOK-ის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის ყალბი ანგარიშების სამიზნეს წარმოადგენდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, მმართველი პარტია და კორონავირუსის პანდემიის პირობებში მთავრობის ძალისხმევა", - ამბობს მდინარაძე.

5 მაისს Facebook-მა განაცხადა, რომ გააუქმა ქართული ოცნების PR კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის, მიერ შექმნილი ეSპერსონა და მასთან დაკავშირებული ასობით ანგარიში. ამასთან, წაშალა ქართული ანგარიშების კიდევ ერთი ქსელი, რომელიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან იყო დაკავშირებული.

ყანდიაშვილთან კავშირს მდინარაძე უარყოფს. ის ირწმუნება, რომ ამ უკანასკნელს ქართულ ოცნებასთან ოფიციალური კავშირი ან რაიმე ხელშეკრულება აღარ აქვს და არც დავალებებს იღებს პარტიისგან.

აღსანიშნავია, რომ Facebook-ის განცხადებით, ეSპერსონა-ს ქსელი დაკავშირებული იყო 2019 წლის 20 დეკემბერს წაშლილ ქსელთან. მაშინ  Facebook-მა ასობით ანგარიში გააუქმა და განაცხადა, რომ მათ მიერ ჩატარებული გამოძიებით, ეს გვერდები სწორედ საქართველოს ხელისუფლებასთან იყვნენ დაკავშირებულნი.

თავის დროზე, ქართული ოცნების წარმომადგენლები 2019 წელს გაუქმებულ ქსელთან კავშირსაც უარყოფდნენ, მიუხედავად იმისა, რომ Facebook პირდაპირ მიუთითებდა მათ კავშირზე ხელისუფლებასთან. 

5 მაისს სოციალური ქსელის გიგანტმა პლატფორმიდან სულ ეSპერსონასთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პროფილი, 122 ჯგუფი და 56 Instagram-ანგარიში წაშალა.

 

 

კომენტარები