კორონავირუსი საქართველოში

როგორია I საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული პაციენტების მდგომარეობა - რატიანის მიმოხილვა

იმედი

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისთვის, კორონავირუსით ინფიცირებული 61 პაციენტი მკურნალობს. მათგან 4 რეანიმაციაში იმყოფება. მისივე თქმით, 2 მართვით, 2 კი სპონტანურ სუნთქვაზეა. 

რატიანის ცნობით, ორივე პაციენტს, რომელიც სპონტანურ სუნთქვაზეა, დადებითი დინამიკა აქვს.

  • ერთი მათგანი არის ბატონი, რომელიც არის 47 წლის. პაციენტი მოთავსდა ჩვენს კლინიკაში 14 დღის წინ. მისი ზოგადი მდგომარეობის დამძიმება გამოწვეული იყო კოვიდინფიცირების შედეგად გამოწვეული ორმხრივი მწვავე პნევმონიით. ანამნეზში არის თირკმლის მწვავე უკმარისობა. ჩატარებული მკურნალობის შედეგად, ამ ეტაპზე, პაციენტთან მიღწეულია დადებითი შედეგი, შემცირებულია სუნთქვის უკმარისობის ხარისხი. 
  • რაც შეეხება ქალბატონს, რომელიც არის 80 წლის, ის, დაახლოებით 3 კვირაა, ჩვენს კლინიკაში იმყოფება. მისი მდგომარეობა შემოსვლისას იყო მძიმე და შემოსვლისთანავე გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე. გუშინწინ ის აპარატიდან მოიხსნა. ამ ეტაპზე მისი მდგომარეობა სტაბილურია, ჰემოდინამიკა შენარჩუნებულია და იმყოფება ჟანგბადის ინჰალაციურ თერაპიაზე.
  • რაც შეეხება ორი პაციენტის მდგომარეობას, ერთი მათგანი შემოსულია 1 თვეა, მამრობითი სქესის, დაახლოებით 70 წლის. მისი მდგომარეობა ამ ეტაპისთვის გამოიხატება დადებითი კლინიკური მაჩვენებლით, ვინაიდან იმყოფება გამარტივებულ ფილტვის ხელოვნურ ვენტილაციაზე, სპონტანური სუნთქვის ელემენტებით. მეორე ქალბატონი არის 80 წლის. მისი მდგომარეობა სტაბილურია დადებითი კლინიკური მაჩვენებლებით.
  • დანარჩენი პაციენტები იმყოფებიან თერაპიულ განყოფილებაში. ჩატარებული კლინიკური მდგომარეობით დგინდება, რომ არცერთ მათგანთან ამ ეტაპზე არანაირი გართულება არ არის გამოვლენილი.
  • გვყავს ორი ორსული. მათთან არანაირი კლინიკური პათოლოგია არ ვლინდება, როგორც ნაყოფის, ასევე დედის.
  • რაც შეეხება მედპერსონალს, ერთი მათგანი გაეწერა კლინიკიდან, რამდენიმე რჩება, მათი მდგომარეობა სტაბილურია. როგორც კი გავა კოვიდინფექციის პროტოკოლის პერიოდი, განმეორდება კვლევა და ესენიც რამდენიმე დღეში დატოვებენ კლინიკას. 

რატიანის ინფორმაციით, დღეს კლინიკიდან 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება. მისივე თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში რამდენიმე ანალიზი გაგზავნილია და პასუხს ელოდებიან. თუ პასუხი უარყოფითი იქნება, ისინი დღის მეორე ნახევარში დატოვებენ კლინიკას.

"ბოლო პერიოდში, იმის მიუხედავად, რომ ტესტირების რაოდენობა გაიზარდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით ინფიცირებულთა გამოვლენა შემცირდა, რაც ამ კლინიკის ყველა მედპერსონალს ახარებს", - თქვა რატიანმა. 

საქართველოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების 610 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 269 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ქვეყანაში COVID-19-ით 9 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები