8 მარტის შეთანხმება

ბაქრაძე: თუ ადამიანები არ გამოვლენ ციხიდან, შეთანხმების მეორე ნაწილს ხმას არ მივცემთ

დავით ბაქრაძე
ტაბულა

ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე ამბობს, რომ ის და მისი გუნდი მხარს არ დაუჭერენ საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებებს, თუკი ქართული ოცნება არ შეასრულებს შეთანხმების მეორე ნაწილსაც და არ გაათავისუფლებს პოლიტპატიმრებს. 

"ამ შეთანხმებას აქვს ორი თანაბარი ნაწილი და შეთანხმების შესრულება ნიშნავს ორივე ნაწილის შესრულებას: ერთი ნაწილი შეეხება პოლიტიკური დევნის შეწყვეტას და პოლიტიკური პატიმრების გამოშვებას, მეორე ნაწილი შეეხება საარჩევნო პროპორციებს და 120/30-ზე საარჩევნო სისტემის შესრულებას. ეს არის ერთი მთლიანი, რომელიც ემსახურება ქვეყანაში საარჩევნო ვითარების ნორმალიზებას. ეს არის ერთი მთლიანი, არ შეიძლება ნახევარი ორგანიზმი გაგლიჯო და თქვა, რომ მეორე ნაწილი ცოცხალია", - ამბობს დავით ბაქრაძე მთავარი არხის ეთერში. 

შეკითხვაზე, რა არის მისთვის ბოლო ვადა, როდესაც მიხვდება, რომ ხელისუფლება შეთანხმებას არ ასრულებს, ბაქრაძე პასუხობს, რომ ბოლო ვადა საკონსტიტუციო კანონპროექტის პირველი მოსმენაა. 

"ჩემთვის ბოლო ვადა არის კონსტიტუციის პირველი მოსმენა იმიტომ, რომ მე კონსტიტუციის პირველი მოსმენის კენჭისყრაზე ხმას ვერ მივცემ 120/30-ზე ცვლილებებს, თუ მე მანამდე ვერ დავინახე გამოშვებული ადამიანები", - თქვა ბაქრაძემ. 

8 მარტის შეთანხმება, საარჩევნო სისტემის ცვლილების გარდა, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასა და ოპონენტების წინააღმდეგ პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტასაც მოიცავს, თუმცა ქართული ოცნება შეთანხმების ამ ნაწილს საჯაროდ არ აღიარებს.

ფაქტს, რომ 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი პოლიტპატიმრებს სწორედ ეხებოდა, საქართველოში აშშ-ის საელჩოს განცხადება ადასტურებს, რომელიც თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილისთვის, 5-წლიანი პატიმრობის მისჯას ეხებოდა. 

"ჩვენ მოვუწოდებთ ყველა ხელმომწერ მხარეს, სრულად დაიცვან 8 მარტის შეთანხმება",- წერდა საელჩო 14 აპრილს. 

კომენტარები