Coda წერილი

CODA წერილი: COVID19, FACEBOOK და ყირიმელი რუსი პატრიოტის ისტორია

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის. 

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე

ავტორი: სოფიკო ვასაძე 

მსოფლიოში დაავადებულთა რაოდენობამ 3,580,000-ს გადააჭარბა, გარდაცვლილი 251,500-ზე მეტია. საქართველოში 604 ადამიანი დაავადდა და 9 გარდაიცვალა.

ინფოდემია: COVID-19 და ფეისბუკი

ფეისბუკი და სხვა პლატფორმები, დიდი ზეწოლის ქვეშ არიან, რომ დეზინფორმაციის გავრცელება შეაჩერონ.

ცხადია, ეს არ არის სიახლე.

მარკ ზაკერბერგის პლატფორმები (Whatsapp, Instagram და Facebook) დეზინფორმაციის გავრცელებაში უკვე დიდი ხანია მნიშვნელოვან როლს თამაშობენ — ამ სიტყვის უარყოფითი გაგებით.

სიახლე კი ისაა, რომ პოლიტიკური დეზინფორმაციისგან განსხვავებით, სამედიცინო დეზინფორმაციის უგულებელყოფა უფრო რთული აღმოჩნდა და ამან შესაძლოა, ფეისბუკისთვის თამაშის წესები შეცვალოს.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ფეისბუკმა უამრავი ანგარიში წაშალა. მათ შორისაა საქართველოსთვის ძალიან აქტუალური და საყურადღებო ქართულენოვანი „ნიუს-ფრონტის“ ანგარიშები.

  • „ნიუს ფრონტი” პანდემიისას ავრცელებდა ცრუ ინფორმაციას COVID-19-ზე.
  • „ნიუს ფრონტი“ უკრაინის ტერიტორიების — დონბასის, ლუგანსკისა და ყირიმის — დამოუკიდებლობას აღიარებს და მისი სარედაქციო პოლიტიკა კრემლის დღის წესრიგის იდენტურია.
  • მას მართავს კონსტანტინ კნირიკი, დეზინფორმაციის ნაკლებად ცნობილი, მაგრამ გავლენიანი გამავრცელებელი ევროპაში.
  • ვებ-საიტი ოპერირებს რამდენიმე ენაზე, მათ შორის ინგლისურ, რუსულ, გერმანულ, ფრანგულ, იტალიურ, ბულგარულ, ესპანურ და ქართულ ენებზე.
  • “ნიუს ფრონტი” ასევე ცნობილია ჰოლოკოსტზე და ადოლფ ჰიტლერზე გამოქვეყნებული საქებარი სტატიებით, სათაურით, “სექსუალური დეგენერაციის ებრაელი პიონერები 1920-იანი წლების ბერლინში”
  • სააგენტომ, ასევე განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო 2017 წლის მიგრაზიის კრიზისისას ევროპაში, დეზინფორმაციის აქტიურად გავრცელების საქმეში.

„ნიუს ფრონტი“ და საქართველო.

  • „ნიუს ფრონტის“ ოფიციალურ ქართულენოვან გვერდთან ერთად წაშლილია მისი ფეისბუკის ადმინისტრატორისა და 12 ყალბი ანგარიშის პროფილი, რომლებიც სააგენტო „ნიუს ფრონტის“ საქართველოში რეგისტრაციის მომენტიდან ინფორმაციის ორგანიზებული გავრცელების სქემისთვის და კომენტარების ინსცენირებისთვის გამოიყენებოდა.
  • ქართულენოვან "ნიუს ფრონტს" კავშირები აქვს ღიად პრორუსულ აქტორებთან, როგორიცაა “საქართველო და მსოფლიო”, “ევრაზიული კავშირი”, “პატრიოტი TV”, ასევე ევგენი პრიმაკოვის ფონდთან დაკავშირებულ პლატფორმასთან “პოლიტიკანო”.
  • „ნიუს ფრონტის“ მასალებს ღიად პრორუსული ვებ-პორტალი “საქართველო და მსოფლიო”, “საქინფორმი” და ფეისბუკის გვერდი “სტალინი” აქვეყნებდნენ.
  • ასევე, მედიის განვითარების ფონდმა გამოიკვლია, რომ „ნიუს ფრონტის“ ფეისბუკ გვერდი მართავდა საჯარო ჯგუფს - “Россия и Грузия- дружба навеки!”, რომელიც სხვა გვერდებთან ერთად წაიშალა.
  • სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების ინფორმაციით, ცენტრალური საარჩევნო კომისიისა და საპენსიო სააგენტოს სასარგებლოდ ფეისბუკზე “ნიუს ფრონტის” ანგარიშებს იყენებდნენ.
  • “ ამ გვერდების მეშვეობით, საინფორმაციო შეტევა მიმდინარეობდა სადამკვირვებლო ორგანიზაციებზე, ხოლო, მეორე მხრივ, ისინი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) დადებით კონტექსტში წარმოჩენას ცდილობდნენ. ეს საინფორმაციო ოპერაცია ძირითადად პროსახელისუფლებო ექსპერტების - გია აბაშიძისა და ზაალ ანჯაფარიძის მოსაზრებების გამოყენებით ხორციელდებოდა”
  • ასევე „სამართლიანი არჩევნების“ გამოძიება აჩვენებს, „ნიუს-ფრონტის“- კოორდინირებული ქსელის მიერ 2018 წლის არჩევნებზე გამოკვეთილ აქტივობას.

ვინ დგას “ნიუს ფრონტის” უკან?

კონსტანტინ კნირიკი — ორგანიზაციის მთავარი რედაქტორი, პრორუსული ნაციონალისტი და საინფორმაციო მებრძოლია.

“ეს არის ალტერნატიული მედია ევროპისთვის და აშშ-სთვის, ბოდიში იმ ხალხს ვისაც სჯერა დასავლური მეინსტრიმული მედიების სისულელეების” - ამბობს კნირიკი.

  • მიუხედევად იმისა, რომ ის ეთნიკურად უკრაინელია, პრორუსულ გარემოშია გაზრდილი. მისი მამა სერგეი კნირიკი ყირიმის ქალაქ ბახჩისარიას დეპუტატი იყო და რამდენიმე პრორუსული ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
  • 17 წლის კონსტანტინი უკვე იყო ყირიმის ევრაზიული კავშირის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელი, რომელიც მემარჯვენე რუსმა იდეოლოგმა, ალექსანდრე დუგინმა ჩამოაყალიბა.
  • “ნიუს ფრონტის” ყოფილმა თანამშრომელმა გერმანულ გაზეთ Die Zeit-ს განუცხადა, რომ მათ უშუალოდ რუსეთის სადაზვერვო სამსახური აფინანსებს.
  • მისივე თქმით, თემები ხშირად "უშუალოდ მოსკოვიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ არის შეკვეთილი”
  • კნირიკი ყოველივე ამას უარყოფს და ამბობს, რომ სააგენტო მისი ოჯახის, მეგობრების და სხვა საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით ფინანსდება.
  • ‘ჩვენი პრიორიტეტი იმპერიის შექმნაა. პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, უკრაინისგან უნდა დავიხსნათ ყირიმი” - ამბობს კნირიკი.

კნირიკი ამბობს: “იმის ნაცვლად რომ ამდენი ყურადღება დაუთმოს რუსეთს, დასავლეთმა პირველ რიგში საკუთარ ჩანაწერებს უნდა გადახედოს გამოხატვის თავისუფლების შესახებ. და ყველა კრიტიკა, საბჭოთა კავშირისკენ მიმართული, ახლა ეხება აშშ-ს და ევროპას.”

“ნიუს ფრონტის” გარდა შაბათ-კვირას, ფეისბუკთან ერთად, Youtube-მაც წაშალა რამდენიმე ანგარიში, რომლებიც კორონავირუსზე დეზინფორმაციას ავრცელებდნენ.

  • გაუქმებულია ერთ-ერთი ცნობილი შეთქმულების თეორეტიკოსის, დევიდ იკეს Youtube არხიც (იკეს ერთ-ერთი ცნობილი თეორიის თანახმად, მსოფლიოს ადამიანის სხეულში ჩასახლებული უცხოპლანეტელი ხვლიკები მართავენ).
  • პლატფორმამ მისი გვერდის წაშლის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ორგანიზაცია Center for Countering Digital Hate-მა გაამახვილა ყურადღება იკეს ახალ თეორიაზე, რომ ვირუსი რეალურად არ არსებობს. მან სოციალურ ქსელებში ღია წერილი გამოაქვეყნა ამ თემაზე.

 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი:

COVID19-მა აიძულა გიგანტური პლატფორმები, რომ მიიღონ ის ზომები დეზინფორმაციის წინააღმდეგ, რომელსაც პოლიტიკური დეზინფორმაციის აღმოსაფხვრელად არ იღებდნენ.

მაგრამ ჯერ კიდევ დიდი ძალისხმევაა საჭირო. რადგან:

  • ფეისბუკმა განაწესში ცვლილებები COVID19-ის დეზინფორმაციაზე მხოლოდ მას შემდეგ შეიტანა, რაც ორგანიზაცია Avaaz-ის წარმომადგენლებმა, გამოააშკარავეს მტკიცებულებები მათ შეფერხებულ მუშაობაზე: “ფეისბუკი დეზინსფორმაციის კრიზისის ეპიცენტრშია”, თქვა ფადი ყურანმა, Avaaz-ის დირექტორმა.

მთავარი კითხვა: რას შეიძლება, მიაღწიონ პლატფორმებმა მხოლოდ მავნებლური ანგარიშების წაშლით?

ბევრი ექსპერტის მოსაზრებით, იმისთვის, რომ სოციალურ პლატფორმებზე ინფორმაცია ნაკლებად საზიანო გახდეს, ის უნდა დარეგულირდეს, როგორც რეგულირდება სამაუწყებლო კომპანიები.

კომენტარები