კორონავირუსი თურქეთში

თურქეთში კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნა მომავალი კვირიდან დაიწყება

aawsat.com

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გამო შემოღებული შეზღუდვების მოხსნა მომავალი კვირიდან დაიწყება. შეზღუდვები საქალაქთაშორისო მოძრაობაზე ქვეყნის 7 პროვინციაში მოიხსნება. გადაადგილებაზე აკრძალვები ახალგაზრდებისა და მოხუცებისათვის შემსუბუქდება. შემდეგი კვირიდან მათ გარეთ გასვლა კვირაში 1 დღეს 4 საათით შეეძლებათ. გადაადგილებაზე შეზღუდვები მოიხსნება 7 დიდ ქალაქში, მათ შორის დედაქალაქ ანკარაში, სტამბოლსა და იზმირში.

ერდოღანმა თქვა, რომ ინფიცირების შემთხვევების კლების გამო შეზღუდვების მოხსნა ეტაპობრივად ივნისსა და ივლისში გაგრძელდება.

"ჩვენ ნორმალიზაციის გეგმას დინამიკურიად გავყვებით. ზოგიერთი თარიღი შესაძლოა, შეიცვალოს. ეს სიტუაციის განვითარებაზეა დამოკიდებული. თუ ზომებს არ მივყვებით და ვირუსი კვლავ გავრცელდება, უფრო მკაცრი აკრძალვები დაწესდება", - თქვა მან.

სავაჭრო ცენტრები, სილამაზის სალონები და ზოგიერთი სხვა მაღაზია გახსნას 11 მაისიდან შეძლებს, თუმცა ახალი წესების დაცვა მოუწევთ. უნივერსიტეტები აკადემიური საქმიანობის აღდგენას 15 ივნისიდან შეძლებენ.

თურქეთში შეზღუდვები მარტიდან დაწესდა, როდესაც კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევები გამოვლინდა. გადაადგილებაზე შეზღუდვები მოქმედებს 31 დიდ ქალაქში, დაკეტილია სკოლები, რესტორნები, ბარები და მაღაზიები.

ბოლო მონაცემებით თურქეთში ახალი კორონავირუსი სულ 127 659 ადამიანს დაუდასტურდა, დაიღუპა 3 461, გამოჯანმრთელდა 68 166 ადამიანი.

კომენტარები