მას შემდეგ, რაც ბაფეტმა ავიაკომპანიებში წილი გაყიდა, კომპანიების ფასი მკვეთრად ეცემა

აშშ-ის საფონდო ბირჟებზე სავაჭრო დღის გახსნის მომენტიდან მკვეთრად ეცემა იმ ავიაკომპანიების აქციების ფასი, რომელთა აქციებიც გუშინ, 3 მაისს, უორენ ბაფეტმა გაყიდა.

ამ დროისთვის Delta Airlines-ის აქციები ფასი 8,7%-ით, Southewest Airlines-ის - 7,2%-ით, ხოლო American Airlines-ის - 9,4%-ით დაეცა. წინა დღეებში მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ფონდის Berkshire Hathaway-ის აქციონერთა კრება გაიმართა, რომელზეც უმსხვილესმა აქციონერმა, უორენ ბაფეტმა ავიაკომპანიების კაპიტალიდან გასვლის შესახებ განაცხადა. 

მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი ინვესტორის თქმით, კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ავიაინდუსტრია მნიშვნელოვნად შეიცვლება და უცნობია, თუ რამდენად მძიმე იქნება მიმდინარე კრიზისი ავიაკომპანიებისთვის. 

ბაფეტის თქმით, მისთვის უცნობია, როგორ შეიცვლება ადამიანების ჩვევები და რამდენად შემცირდება მგზავრების რაოდენობა თვითმფრინავებში, თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში ეს ავიაკომპანიების ხარჯებს გაზრდის. 

ფონდმა მის საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ავიაკომპანიის აქციების გაყიდვა აპრილში დაიწყო. ჯერ კიდევ წინა წელს, უორენ ბაფეტი საკუთარ საინვესტიციო პორტფელში ავიაკომპანიების აქციათა წილს მნიშვნელოვნად ზრდიდა. 2019 წელს ბაფეტმა ავიაკომპანიებში აკუმულირებული ინვესტიცია 10 მილიარდ დოლარამდე გაზარდა. 

ბაფეტის თქმით, ავიაინდუსტრიის მომავალი ძალიან ბუნდოვანია. კორონავირუსის პანდემიის გამო, უორენ ბაფეტის კუთვნილმა ფონდმა Berkshire Hathaway-მ 47,9 მილიარდი დოლარი იზარალა, რაც 2019 წელს მიღებული მთლიანი მოგების 20%-ს აღემატება. ინფორმაცია ამის შესახებ საინვესტიციო ფონდის საიტზეა განთავსებული. 

საუბარია 2020 წლის პირველ კვარტალზე, რა დროშიც კომპანიის საკუთრებაში არსებულ აქციათა პორტფელის მოცულობა 55 მილიარდი დოლარით შემცირდა, ხოლო უშუალოდ Berkshire Hathaway-ის აქციების ფასი - 19%-ით დაეცა. 

 

კომენტარები