"არა ფობიას" სიძულვილის ენის შემცველი განცხადების გამო ზაზა აბაშიძის პოსტიდან მოხსნას ითხოვს

სამოქალაქო პლატფორმა არა-ფობიას! ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის, ზაზა აბაშიძის მიერ მარნეულელების შესახებ სიძულვილის შემცველი განცხადების გამო შეშფოთებას გამოხატავს და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლოს.

2 მაისს ზაზა აბაშიძემ facebook-ზე, კომენტარის სახით, მარნეული-ბოლნისის საკარანტინო ზონის მცხოვრებლებთან დაკავშირებით დაწერა: "უნდა ჩაკეტო სოფელში და ამოიხოცონ к ебённой матери!"

მოგვიანებით ზაზა აბაშიძემ კვლავ დაწერა:

"კაცო, არ ემორჩილებიან სახელმწიფოს კანონებს?! პოტენციურ გამავრცელებლად და მკვლელებად იქცევიან? მაშინ გამოკეტონ იმ სივრცეში და პატრონი მოს..ვნიათ! გინდა აზეერი იყოს, გინდ ქართველი, გინდ რუსი..."

"არა ფობიას" აცხადებს, რომ მისი წევრი ორგანიზაციებისთვის ზაზა აბაშიძის კომენტარები კატეგორიულად მიუღებელია.

პლატფორმის შეფასებით, მისი პოზიცია აღვივებს ეთნიკურ შუღლს და გამოხატავს არაჰუმანურ დამოკიდებულებას ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ, რითიც ხელს უწყობს ისედაც მოწყვლადი უმცირესობის საზოგადოებისგან უფრო მეტად გარიყვას.

"არა ფობიას" ხაზს უსვამს იმასაც, რომ ზაზა აბაშიძე ხელმძღვანელობს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, რომელიც, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ მოქალაქეთა გადასახადებით ფინანსდება, ხოლო ამ პოზიციამდე იგი რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრის თავმჯდომარე იყო. პლატფორმა აღნიშნავს, რომ რუსულ-ქართული საზოგადოებრივი ცენტრი ა.მ. გორჩაკოვის სახელობის საჯარო დიპლომატიის მხარდაჭერის ფონდმა დააფუძნა, რომლის თავმჯდომარეც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვია.

პლატფორმისთვის ასევე მიუღებელია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის, ამირან გამყრელიძის განცხადება, რომლის მიხედვითაც, მისთვის მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, თითქოს ადგილობრივი მოლა და მუფთი „ცუდ როლს თამაშობენ“ საკარანტინო ზონაში. მოგვიანებით ამირან გამყრელიძემ ამ სიტყვებისთვის ბოდიში მოიხადა და განმარტა, რომ მისი მთავარი გზავნილი იყო ეთნიკური უმცირესობისათვის გასაგებ ენაზე ვირუსის შესახებ ცნობიერების, საგანმანათლებლო ურთიერთობის გაძლიერება, რელიგიური ლიდერებისა და ადგილობრივი საჯარო პირების მეტი ჩართულობით.

"შექმნილი ვითარების ფონზე, როდესაც საქართველოს მოქალაქეთა ჯანმრთელობის დაცვის პარალელურად კრიტიკულად აუცილებელია ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნება და უმუშევრად დარჩენილ მოსახლეობაზე ზრუნვა, ეთნიკური სიძულვილის შემცველი და არაჰუმანური დამოკიდებულებები უფრო მეტად ართულებს ამ პროცესს" - აცხადებს "არა ფობიას" და მოუწოდებს:

  • საქართველოს მთავრობას/საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, დაუყოვნებლივ განიხილონ ზაზა აბაშიძის დაკავებული თანამდებობიდან მოხსნის საკითხი;
  • ხელისუფლების წარმომადგენლებს, გააკეთონ ცხადი გზავნილები ქსენოფობიური ტალღის წინააღმდეგ და ჰქონდეთ რეაგირება თითოეულ ასეთ შემთხვევაზე, მათ შორის საჯარო მოხელეების მიერ სიძულვილის ენის გამოყენებაზე;
  • საჯარო პირებსა და პოლიტიკოსებს, გააკეთონ თანასწორობის მხარდამჭერი განცხადებები და ამით წვლილი შეიტანონ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებრივ ინტეგრაციაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
  • მედიის განვითარების ფონდი (MDF)
  • საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
  • საფარი
  • ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)
  • დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA)
  • ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC)

კომენტარები