სამხრეთ კორეაში 6 მაისიდან სოციალური დისტანციის ზომები შემსუბუქდება

სამხრეთ კორეა
REUTERS

6 მაისიდან სამხრეთ კორეაში სოციალური დისტანციის წესები კიდევ უფრო შემსუბუქდება, რის შედეგადაც ეტაპობრივად გაიხსნება სხადასხვა ბიზნესები. ამის შესახებ სამხრეთ კორეის პრემიერინისტრმა ჩუნგ სიე-კიუნმა განაცხადა.

მასობრივი ტესტირების, დაინფიცირებულების კონტაქტების კვალის მოძებნით და კორონავირუსის გავრცელების შეკავების სპეციალური აპლიკაციით და არა სხვა არაერთი ქვეყნის მსგავსად გრძელვადიანი ჩაკეტვით, სამხრეთ კორეამ ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად შეამცირა.

"მთავრობა იმ ბიზნესებს, რომლებიც დახურული იყო, საშუალებას მისცემს ეტაპობრივად განაახლონ მუშაობა და ასევე დაუშვებს შეკრებებისა და ღონისძიებების გამართვას იმის გათვალისწინებით, რომ ისინი დეზინფექციის მითითებებს დაიცავენ," - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

ქვეყანაში სხვადასხვა პარკები, ბიბლიოთეკები, სკოლები ეტაპობრივად გაიხსნება. 

სამხრეთ კორეაში ე.წ. ყოველდღიური ცხოვრების კარანტინის მითითებები, რჩევები გამოაქვეყნეს, რაც გულისხმობს სოციალური დისტანციის მითითებების დაცვით ყოველდღიური საქმიანობების გაგრძელებას. სამხრეთ კორეაში ახალი მითითებებით, მთავრობა მოსახლეობას ურჩევს, რომ თუ შეუძლოდ იგრძნობენ თავს სამი-ოთხი დღის განამავლობაში სახლში დარჩნენ, საჯარო სივრცეში ერთმანეთს სულ მცირე მკლავის სიგრძის მოშორებით დაშორდნენ და რაც მთავარია, ხელები ხშირად დაიბანონ.

სეულმა სოციალური დისტანციის წესები 5 მაისამდე გაახანგრძლივა.

ქვეყანაში თებერვლის შემდეგ დღიურად ახალი დაინფიცირების რაოდენობა მინიმალურია - გასულ კვირაში დღიურად 10-ზე მეტი ადამიანის ინფიცირება არ გამოვლენილა. თებერვალში დღიურად დაახლოებით 900 ადამიანი ინფიცირდებოდა

3 მაისის ამჟამინდელი მონაცემებით, სამხრეთ კორეაში ახალი კორონავირუსი 10 793 ადამიანს დაუდასტურდა, 250 გარდაიცვალა. დაიფიცირებულთა უმეტესობა 9 183 პირი უკვე გამოჯანმრთელდა, 1 360 პაციენტი მკურნალობას აგრძელებს. ქვეყანაში 630 000-ზე მეტი ვირუსის გამოსავლენი ტესტი ჩაატარეს.

კომენტარები