კორონავირუსი საქართველოში

მეზვრიშვილი: ამ ეტაპზე არ განვიხილავთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განახლებას

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ნათია მეზვრიშვილი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საზოგადოებრივ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვების მოხსნა არ განიხილება. მეზვრიშვილის განმარტებით, ამის მიზეზი ისაა, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი სოციალური დისტანციის დაცვის კუთხით "ყველაზე მეტი საფრთხის" შემცველია. 

"ამ ეტაპზე არ განვიხილავთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის განახლებას, ვინაიდან, სოციალური დისტანციის დაცვის თვალსაზრისით, საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე მეტი საფრთხის შემცველია. ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს მშენებლობებისა და სამშენებლო მასალების წარმოების დაშვებაზე იმაზე ადრეულ ეტაპზე, ვიდრე ეს გეგმით არის გათვალისწინებული", - ამბობს ნათია მეზვრიშვილი. 

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსისვე თქმით, კაფეების, რესტორნებისა და სავაჭრო ცენტრების გახსნა მთავრობის მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ბოლო ეტაპზეა გათვალისწინებული. 

საქართველოში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა თავდაპირველად 21 მარტს გამოცხადდა. ერთი თვის შემდეგ, მთავრობის გადაწყვეტილებით, პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების აქტი ხელახლა გამოსცა. ამ ერთი თვის განმავლობაში მთავრობას არც ანტიკრიზისული გეგმა წარუდგენია და არც შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნის გეგმა. 

ასეთი გეგმა არ ჰქონდათ ნანახი ქართული ოცნების დეპუტატებსაც, რომლებმაც 22 აპრილს საგანგებო მდგომარეობის 22 მაისამდე გახანგრძლივებას მხარი დაუჭირეს. გეგმა მთავრობამ აქედან მხოლოდ ორი დღის შემდეგ, 24 აპრილს წარადგინა და შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი 27 აპრილს - ავტომობილების გადაადგილების, ტაქსებისა და ონლაინ-ვაჭრობის დაშვებით დაიწყო. 

თითოეულ ეტაპს შორის ორკვირიანი შუალედია გათვალისწინებული. ამ დროისთვის ქვეყანაში მოქმედებს ე.წ კომენდანტის საათი, რომლის ფარგლებშიც 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია. ასევე აკრძალულია სამ ადამიანზე მეტის შეკრება, დახურულ სივრცეში პირბადის გარეშე შესვლა და მანქანაში თუნდაც ოჯახის წევრის გვერდით დაჯდომა. 

2 მაისს ევროპული საქართველოს ლიდერებმა ბრიფინგი გამართეს და ხელისუფლებას ეკონომიკის სწრაფი გახსნისა და გადაადგილებასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ მოუწოდეს. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში, შეზღუდვების დიდი ნაწილი დაწესების დღიდან აბსურდული იყო, ხოლო მათი აღსრულება შერჩევითად ხდება.

კომენტარები