ევროპული საქართველო: ოცნება პანდემიას კორუფციული შესყიდვების გასაფორმებლად იყენებს

ევროპული საქართველოს წევრმა, ლევან თარხნიშვილმა, ბრიფინგზე, პანდემიის პირობებში სამედიცინო აღჭურვილობის დაჩქარებულ სახელმწიფო შესყიდვებზე ისაუბრა.

თარხნიშვილის თქმით, ხელისუფლებამ ასობით ათასი ლარის მოცულობის ხელშეკრულებები გამოუცდელ კომპანიებს გაუფორმა. მისი მტკიცებით, ახალი კომპანიები ქართულმა ოცნებამ თავად შექმნა.

"კორუფცია და ნეპოტიზმი ქართული ოცნების უცვლელი ნიშნებია, მაგრამ ის თუ როგორ იყენებენ ამისთვის კორონავირუსის პანდემიას, მათთვისაც კი ახალი სიმაღლეა. იმის მაგივრად, რომ სხვადასხვა სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად გამოცდილი კომპანიები გამოეყენებინათ, მათ თავისით შექმნეს ახალი კომპანიები და ასობით ათასი ლარის ხელშეკრულებები ბუკვალურად გუშინ შექმნილ კომპანიებს გაუფორმეს", — ამბობს თარხნიშვილი. 

პარტიაში რამდენიმე კონკრეტულ მაგალითს ასეხელებენ.

"მაგალითად, შპს ტეენკა შეიქმნა 20 წლის 12 თებერვალს გაუფორმეს 40 ათასი ლარის კონტრაქტი. შპს ელიტ მედიკალი შექმნილია 12 მარტს, გაუფორმეს 700 ათასი ლარის კონტრაქტი, შპს შილდსი შეიქმნა 10 აპრილს გაუფორმეს 90 ათასი ლარის კონტრაქტი. ანუ ამ კომპანიებმა იციან, რომ რაღაც არის შესაძენი, იქმნებიან და შემდეგ უცებ იღებენ კონტრაქტს, იმის მიუხედავად, რომ არანაირი გამოცდილება არ გააჩნიათ", — განაცხადა თარხნიშვილმა. 

პარტიაში ამბობენ, რომ ეს კომპანიები ინტერნეტ სივრცეში არ იძებნებიან და რომ არა მათი კავშირი ოცნებასთან, სამინისტროებს მათი არსებობს შესახებ არც ეცოდინებოდათ.

"აღნიშნული კომპანიები არ იძებნებიან ინტერნეტ სივრცეში და არ არიან დარეგისტრირებულნი სახელმწიფო შესყიდვების ვებ გვერდზე. როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო მოინდომებდა ამ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმებას, ფიზიკურად ვერ იპოვიდა ამ კომპანიებს, რომ არა ამ კომპანიების უკან მდგომი ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები", — ამბობენ პარტიაში.

ევროპულ საქართველოში ასევე აცხადებენ, რომ ამის პარალელურად ხელისუფლება აქტიურად აფორმებს ხელშეკრულებებს კომპანიებთან, რომელთა დამფუძნებლებიც ოცნების შემომწირველები არიან. მაგალითად შპს უიქენდი მოყავთ, რომლის დამფუძნებელმა ბონდო გოლეთიანმა მმართველ პარტიას 25 ათასი ლარი შესწირა. 

ამის გარდა, ევროპული საქართველოს ცნობით, 700 ათასი ლარის კონტრაქტი გაფორმდა შპს დოქტორ გუდსთან, რომლის დამფუძნებელიც საპარტნიორი ფონდია. 

პარტია მოუწოდებს ჯანდაცვის სამინისტროს, გასცეს შეკითხვებს პასუხი და დაიწყოს გამოძიება ამ მიმართულებით. ევროპულ საქართველოში ასევე ამბობენ, რომ უნდა მოიხსნას ყველა ის უსაფუძვლო შეზღუდვა, რომელიც აყოვნებს ბიზნესის მუშაობას.

კომენტარები