კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 27 ახალი შემთხვევიდან 13-ის წყარო ბოლნისია, 2-ის - მარნეული, ერთის - თეთრიწყარო

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას, ცნობით, კორონავირუსით ინფიცირებული 27 ახალი პაციენტიდან 13-ის წყარო ბოლნისია, ორის - მარნეული, ერთის - თეთრიწყარო, 4 პაციენტი საკარანტინე სივრციდანაა გადაყვანილი. 

"დანარჩენის წყაროს მოძიება ახლა ხდება. ჩვენთან ამ 27 პაციენტიდან არცერთი არ არის შემოყვანილი", - ამბობს ეზუგბაია. 

ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას აგრძელებს ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტი. გუშინ მათი კლინიკა ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა, მათ შორის ერთი მოზარდია. ეზუგბაიას ინფორმაციით, ჯამში ინფექციურ საავადმყოფოს 63 პაციენტი ჰყავს გამოჯანმრთელებული. 

რაც შეეხება იმ სამ პაციენტს, რომლებსაც მძიმე პნევმონია აქვთ, ეზუგბაიას თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ფასდება, როგორც მძიმე და ჯერჯერობით საშუალო სიმძიმის პაციენტები არიან. 

"ვნახოთ, როგორ განვითარდება დაავადების პირველი კვირა განსაკუთრებით და თუნდაც მეორე კვირა. 14 დღე, საშუალოდ 10 დღე, შეიძლება მოხდეს დაავადების პროგრესირება, არ აქვს მნიშვნელობა, როგორი სიმძიმეა, შეიძლება იყოს მსუბუქი და პროგრესირდეს. საბედნიეროდ, ხშირად არ ხდება ასე", - თქვა ეზუგბაიამ. 

კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 41 პაციენტიდან 10 მოზარდია. 

ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსის 566 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 184 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 კი - გარდაიცვალა. 376 აქტიური შემთხვევის გარდა საქართველოს კლინიკებში დამატებით 3 ადამიანი მკურნალობს, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არიან, უცხოეთში დაინფიცირდნენ და ამის შემდეგ გადმოიყვანეს საქართველოში. 

მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში უკვე თვეზე მეტია, რაც მკაცრი საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს. ჩაკეტილია თეთრიწყაროს მუნიციპალური ცენტრიც. 

კომენტარები