ახალი კორონავირუსი აშშ-ში

ნიუ-იორკის მოსახლეობას საჯარო სივრცეებში პირბადეები უფასოდ დაურიგდება

abc news

ნიუ-იორკის მერის, ბილ დე ბლასიოს, თქმით, მალე ქალაქის მოსახლეობას შესაძლებლობა ექნება, პარკებსა და სხვა საჯარო სივრცეებში პირბადეები უფასოდ აიღონ. 100 000 სახის ნიღბის დარიგება ამ კვირიდან დაიწყება.

მერმა მოსახლეობას შეახსენა, რომ მნიშვნელოვანია სახის, ცხვირისა და პირის დაფარვა საჯარო თავშეყრის ადილებში.

"გვინდა, გავამარტივოთ ხალხისთვის პირბადეების შოვნა, ამიტომ, გადავწყვიტეთ სახის ნიღბები ქალაქის პარკებში უფასოდ დავარიგოთ".

ეს გადაწყვეტილება, მერის თქმით, იქიდან გამომდინარეობს, რომ მალე საგრძნობლად დათბება, ხალხი კი ქუჩაში გავა და პარკებს ესტუმრება. ამიტომ, როგორც ნიუ-იორკის მერი განმარტავს, ყველას უნდა ჰქონდეს სახე პირბადით დაფარული.

ბილ დე ბლასიოს ცნობით, სამომავლოდ 1 000-ზე მეტი პირი ქალაქის საჯარო სივრცეებს გააკონტროლებს და კიდევ 275 000 პირბადეს დაარიგებს.

მხოლოდ ქალაქ ნიუ-იორკში ახალი კორონავირუსის 165 000 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 12 774 პირი გარდაიცვალა, ხოლო 36 300 გამოჯანმრთელდა.

30 აპრილის საღამოს მონაცემებით, აშშ-ში ვირუსული ინფექცია 1 073 588 ადამიანს დაუდგინდა, გარდაიცვალა 62 263, კორონავირუსისგან განიკურნა ჯამში 148 372 პირი.

კომენტარები