ბორის ჯონსონი

კარდიოლოგი: ჯონსონის მდგომარეობის დამძიმების მიზეზი ჭარბწონიანობა იყო

ბრიტანელმა კარდიოლოგმა, ასიმ მალჰოტრამ, ტელეკომპანია ITV-ის დილის გადაცემაში სტუმრობისას თქვა, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული პრემიერმინისტრ ბორის ჯონსონის მდგომარეობის დამძიმების მთავარი მიზეზი მისი ჭარბწონიანობა იყო.

ბორის ჯონსონმა 2018 წლის გაამჟღავნა, რომ დაახლოებით 105 კილოგრამს იწონის. იმის გათვალისწინებით, რომ მისი სიმაღლე 175 სანტიმეტრია, ასეთი წონა ჯონსონს მაღალი რისკის კატეგორიაში აქცევს.

როგორც მალჰოტრამ თქვა, ბრიტანეთის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი შემაშფოთებელ კავშირს ხედავს ჭარბწონიანობასა და ახალი კორონავირუსით გარდაცვალებას შორის. მისი თქმით, ჭარბწონიანობა აათმაგებს ვირუსით გარდაცვალების რისკს.

ჯონსონს, რომელსაც ახალი კორონავირუსი 27 მარტს დაუდასტურდა, ქრონიკული დაავადება არ აწუხებს და არც მწეველია. ამისდა მიუხედავად, რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა დამძიმდა და 5 აპრილს ბრიტანეთის პრემიერმინისტრი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ინტენსიური ზრუნვის განყოფილებაში ერთი კვირა დაჰყო.

ბორის ჯონსონი საქმიანობის შესრულებას 27 აპრილს დაუბრუნდა, 28 აპრილს კი მას და მის საცოლეს ვაჟიც შეეძინათ.

კომენტარები