Coda წერილი

CODA წერილი: როგორ მოხვდა ივანიშვილი Telegraph-ში

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ, გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის. 

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე. 

ავტორი: სოფიკო ვასაძე 

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ცვლის.  

ბოლო მონაცემები. და რაც მნიშვნელოვანია:

მსოფლიოში დაავადებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილი 227,700-ზე მეტია. საქართველოში 539 ადამიანი დაავადდა და 6 გარდაიცვალა.

ინფოდემიის ახალი ამბები:

პანდემიისთვის ქველმოქმედთა ცხრილი გამოქვეყნდა, რომელიც გვიჩვენებს კორონავირუსთან ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვან კონტრიბუტორებს ერთ სულ მოსახლეზე დონაციის პროპორციული მაჩვენებლებით. 

ბილ გეითსი მე-9 ადგილზეა, მარკ ზაკერბერგი, 37-ზე. გამოიცანით, ვინ არის პირველზე?

ბიძინა ივანიშვილი.

პრობლემა ისაა, რომ ეს ცხრილი მხოლოდ ერთ ადგილას არსებობს: ბრიტანული გაზეთის, Telegraph-ის ვებსაიტზე.

სხვაგან, ინტერნეტში, არსად იძებნება მსგავსი ცხრილი და ის სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილზე დაწერილი სტატიისთვისაა შექმნილი.

ახალგაზრდა ივანიშვილის სურათს ასეთი სათაური ახლავს: “ყოფილი ქარხნის თანამშრომელი ახლა მსოფლიოში COVID-19-თან ბრძოლის ყველაზე გულუხვი დონორია".

სტატიაში ასევე ვკითხულობთ, რომ: 

  • ივანიშვილი არის ქარხნის ყოფილი თანამშრომლების შვილი. მან საკუთარი ფული რუსეთში ბიზნესების პრივატიზების ერაში შეიძინა და შემდეგ სარფიანად გაყიდა. 
  • თავისი 4-მილიარდიანი კაპიტალიდან მან 30 მილიონი ვირუსთან ბრძოლისთვის გამოყო.
  • ვკითხულობთ პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას ციტატას, რომელიც ყვება, როგორი გულმხურვალე თანადგომა გამოხატა თანამემამულეებისადმი ივანიშვილმა.
  • და რომ ის ადრე საქართველოს პრემიერმინისტრი იყო. 

სტატიაში არ არის ნახსენები სხვა ასევე მნიშვნელოვანი დონორი მილიარდერები, მაგალითად, ტვიტერის თანადამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეკ დორსი და ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ავსტრალიელი ბიზნესმენი ენდრიუ ფორესტი. 

სტატიაში სრული აქცენტი კეთდება ბიძინა ივანიშვილზე. მისი ბიოგრაფიული ფაქტებიც სწორია, მაგრამ არასრული და კონტექსტი აკლია. თუნდაც ყველაზე მცირე:

  • ივანიშვილის კავშირები კრემლთან და მისი როლი “პანამის დოკუმენტების” სკანდალში.
  • ბოლოდროინდელი საპროტესტო აქციები.  
  • ან სენატორების ღია წერილი მთავრობას, რომელშიც ისინი “შეშფოთებულნი არიან ქვეყნაში დემოკრატიის მდგომარეობით,” აკრიტიკებენ მთავრობას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე უარის, საპროტესტო აქციების "ძალადობრივი ჩახშობისა" თუ "ოპოზიციონერი ლიდერების დევნის" გამო. 

Telegraph-ის სტატია აქტიურად გაშუქდა პროსახელისუფლებო არხებსა და ფეისბუკის გვერდებზე.



ფოტო: Coda

ეს იმის ნათელი მაგალითია, თუ რამდენად მარტივად მანიპულირებადია ჟურნალისტიკა, როცა ჟურნალისტები გადამოწმების სტანდარტებს არ იცავენ და PR კონსულტანტების სიტყვებს იმეორებენ, ავტორიტეტული გამოცემებიც კი დეზინფორმაციის წყაროდ შეიძლება, გარდაიქმნას. 

ჩვენ გავარკვიეთ, რომ Telegraph-ის ჟურნალისტს, კამილა ტომინის, ბიძინა ივანიშვილზე ინფორმაცია ლონდონში ბაზირებულმა კომპანიამ - Media Intelligence Partners - გადასცა, როგორც “საინტერესო და აღსანიშნავი” ამბავი, რომელიც სხვაგან არ გაშუქებულა. 

ჟურნალისტმა ის გადამოწმების გარეშე დაბეჭდა.

Media Intelligence Partners - PR საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც ბრიტანეთის ყოფილი კონსერვატორი პრემიერ-მინისტრის უილიამ ჰეიგის პრეს-მდივანმა ნიკ ვუდმა დააფუძნა.  

საბუთებში, რომელთანაც Coda Story-ს ჰქონდა წვდომა, კომპანიის დამფუძნებელი არ მალავს იმას, რომ ქართული ოცნებისთვის მუშაობს. მისი თქმით, ის ამერიკელ პარტნიორებთან ერთად ეხმარება საქართველოს, უკეთ გააჟღეროს დასავლეთში კორონავირუსთან ბრძოლის წარმატება.  

თუმცა კომპანიის ვებსაიტზე ჩამოთვლილ კლიენტთა სიაში არც ქართული ოცნება და არც ბიძინა ივანიშვილი არ არის ნახსენები.  

Media Intelligence Partners ასევე არ არის ნახსენები საჯაროდ ცნობილი ლობისტების სიაში, რომლებსაც ქართული ოცნება წლიურად მილიონებს უხდის. 

თუმცა, Media Intelligence Partners ერთ-ერთის სუბკონტრაქტორიც შეიძლება იყოს. 

Რა უჯდება ქართულ ოცნებას რეპუტაციის შენახვა: 

აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის (FARA) ვებგვერდის მონაცემებით, 2019 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ და ქართულმა ოცნებამ ხელშეკრულება დადო შემდეგ კომპანიებთან:

  • Chartwell Strategy Group, LLC - დამკვეთი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია; 
  • JPW Communications - დამკვეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 
  • StrateVarious LLC - დამკვეთი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია; 
  • Hill and Knowlton Strategies, LLC - დამკვეთი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; 

ყველა მონაცემი არ ვიცით, მაგრამ სულ მცირე:  

  • 2020 წლის 31 იანვარს გაფორმებულია კონტრაქტი ბრიტანულ-ამერიკული კომპანია Hogan Lovells-თან, რომლის მომსახურებაც ყოველთვიურად $75,000 დოლარი უჯდება სახელმწიფოს. სერვისის  წლიური ღირებულებაა $900,000 დოლარი, დაახლოებით -  2.9 მილიონი ლარია. 
  • Chartwell Strategy Group-ის სერვისის ყოველთვიური საფასური $65,000 დოლარია. შესაბამისად, კონტრაქტის წლიური ღირებულება $780,000 დოლარია -  2.5 მილიონი ლარი. 

Რა თქმა უნდა, ლობირება და PR კომპანიები ყველა სახელმწფოს პროპაგანდის სტრუქტურის ნაწილია. 

უფრო პრობლემატურია თუ თანხები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ერთი ადამიანის, ამ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილის პირადი იმიჯის შექმნაში იხარჯება. განსაკუთრებით, კრიზისის დროს.

ფართო სურათი:

სტატია ასევე ბადებს მნიშვნელოვან კითხვებს, ფილანტროპიის და მილიარდერების როლზე პოსტ-კორონავირუსის ერაში, იქნებიან ისინი ოლიგარქები თუ არა.

“ფილანტროპია მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით, კრიზისის დროს, როდესაც ნებისმიერი დახმარებისთვის მადლიერები ვართ. მაგრამ იმისთვის, რომ კრიზისებს ვებრძოლოთ, ჩვენ მათთვის უნდა მოვემზადოთ. ეს მომზადება ნელ, მეთოდურ მუშაობას და სახელმწიფოს ჭკვიანურ მართვას ნიშნავს და არა დიდ, ერთჯერად საჩუქრებს.  

კორონავირუსიდან რამეს თუ ვისწავლით, არის ის, რომ მილიარდერებმა გადასახადები უნდა იხადონ იმისთვის, რომ სახელმწიფომ და ინსტიტუციებმა უკეთესად იმუშაონ, რომ მათი ქველმოქმედება იყოს ნაკლებად საჭირო,” გვითხრა ოლივერ ბულოუმ, ჟურნალისტმა და წიგნის - Moneyland - ავტორმა, რომელიც მრავალი წელია, ოლიგარქებს და მსოფლიო საფინანსო სტრუქტურებს იკვლევს. 

კარანტინი რუსეთის საავადმყოფოში

რუსეთის საავადმყოფოებში სიტუაციაზე წინა წერილებშიც გწერდით, მდგომარეობა კვლავ მძიმეა.

ეს პრეზიდენტმაც კი აღიარა ბოლო საჯარო გამოსვლაში და თქვა, რომ ქვეყანა ახლა გადადის ეპიდემიასთან ბრძოლის ყველაზე რთულ ეტაპზე და ინფიცირების კვლავ ძალიან მაღალი რისკებია. 

დღეს სანკტ-პეტერბურგზე მოგიყვებით. 

ასობით ექიმი და პაციენტი თითქმის სამი კვირაა, პეტერბურგის ტრავმატოლოგიის და ორთოპედიის ინსტიტუტში არიან გამოკეტილნი. 

19 დღის წინ ცენტრში, კარანტინი გამოაცხადეს, რადგან ჰქონდათ ეჭვი, რომ 400-ზე მეტი პაციენტი და 200-ზე მეტი ექიმი იყო დაინფიცირებული COVID-19-ით. 

ერთ-ერთი სააგენტოს თქმით, ექიმების სხვა გზა არ აქვთ, ისინი უვლიან პაციენტებს და შესვენებისას საკუთარ თავებს მკურნალობენ და იკეთებენ გადასხმებს. 

მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ანდრეი ჩერნი ვიდეომიმართვაში სიტუაციას ოპტიმისტურად აფასებს, სხვა რამეს ამბობენ იქ მომუშავე ექიმები. 

ექთანი ვალენტინა ნაუმოვა ამბობს, რომ კორონავირუსსზე ტესტი უკვე 5-ჯერ ჩაიტარა მაგრამ პასუხი არც ერთხელ არ მიუღია. 

“ჩვენ ტრავმატოლოგიის ინსტიტუტი ვართ და არ გვაქვს შესაბამისი მედიკამენტები. ფაქტობრივად, წყლით ვმკურნალობთ, პაციენტებს ვაძლევთ ანტიბიოტიკებს, ისიც ყველას არა,” - ნაუმოვამ პროტესტის ნიშნად შიმშილი გამოაცხადა. 

საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ექთნის შიმშილობაზე არაფერი გაუგია და კარანტინს არ დაასრულებენ, სანამ ბოლო პაციენტი არ გამოჯანმრთელდება.

ამ დროისთვის სამედიცინო კვლევით ცენტრში 300-მდე ადამიანი რჩება. 

კომენტარები