კორონავირუსი საქართველოში

მარინა ეზუგბაია: 22 ახალი ინფიცირებულიდან ერთი მედიკოსია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, 22 ახალი ინფიცირებულიდან 1 - მედიკოსია. 

"ამ 22 შემთხვევიდან, როგორც ჩემთვის ცნობილია, მარტო 1 არის მედპერსონალიდან ინფიცირებული. ეს პაციენტი ჩვენს კლინიკაში არ მოთავსებულა. როგორც ჩემთვის ცნობილია, ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა არ არის დიდი. მედპერსონალი, ეტყობა, თავდაცვის საშუალებებს სწორად და ადეკვატურად იყენებს. ჩვენთან მედიკოსების ინფიცირების ხარისხი დაბალია და ვიმედოვნებ, რომ ასე გაგრძელდება", - თქვა ეზუგბაიამ

მისი თქმით, დღეს, 30 აპრილს დადასტურებული შემთხვევებიდან 15 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა, 3 სვანეთიდან, 4 კი - ბოლნისიდან. 

ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ კორონავირუსით ინფიცირეული 4 პაციენტი მიიღეს, 2 თეთრიწყაროდან, 2 კი, ბოლნისიდან. ექიმის ინფორმაციით, პაციენტები საშუალო სიმძიმის არიან. ჯამში, საავადმყოფოში COVID-19-ით ინფიცირებული 43 ადამიანი მკურნალობს, 65 გამოჯანმრთელდა. 

24 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსი სასწრაფო სამედიცინო დახმარების 18 თანამშრომელს აქვს დადასტურებული. 

ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა.

კომენტარები