კორონავირუსი საქართველოში

ეზუგბაია: 22 ახალი შემთხვევიდან 15 თეთრიწყაროს კლასტერიდან არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, კორონავირუსის დღეს დადასტურებული 22 შემთხვევიდან 15 თეთრიწყაროს კლასტერიდანაა. მისივე თქმით, 22 ინფიცირებულიდან 1 - მედიკოსია. ეზუგბაიას ცნობით, 3 პაციენტი სვანეთიდან არის, 4 კი, ბოლნისიდან. 

"ჩვენს კლინიკაში გუშინ დღე-ღამის განმავლობაში 4 დადასტურებული შემოგვემატა. ამ 4 ახალი შემთხვევიდან 2 თეთრიწყაროდანაა, 2 კი - ბოლნისიდან. დაემატა 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი და ამ ეტაპზე გვყავს 65 გამოჯანმრთელებული", - თქვა ეზუგბაიამ. 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, 4 ახალი პაციენტი საშუალო სიმძიმისაა. ეზგუგბაიას ინფორმაციითვე, მათ კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული 43 პაციენტი მკურნალობს - სამის მდგომარეობა მძიმეა. აქედან ერთი ასაკის გამო რისკ ჯგუფს წარმოადგენს, ერთს კი, თანმდევი დაავადება, დიაბეტი აქვს. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 539 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 178 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 - გარდაიცვალა.

კომენტარები