ფაუჩი: რემდესივირზე კარგი სიახლე გვაქვს

ენტონი ფაუჩი

ენტონი ფაუჩიმ, აშშ-ის ალერგიის და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა და ასევე თეთრი სახლის მრჩეველმა ჯანდაცვის საკითხებში, თქვა, რომ კომპანია Gilead-ის ანტივირუსული მედიკამენტის, რემდესივირის, ცდამ საკმაოდ დამაიმედებელი შედეგები აჩვენა.

თეთრ სახლში რეპორტიორებთან საუბრისას ფაუჩიმ აღნიშნა, რომ ჩატარებულმა ცდამ ცალსახად პოზიტიური შედეგი აჩვენა გამოჯანმრთელების დროის შემცირების თვალსაზრისით. მისი თქმით, მათ, ვისაც რემდესივირით მკურნალობდნენ, გამოჯანმრთელებისთვის საშუალოდ 11 დღე დასჭირდათ, პლაცებო ჯგუფების შემთხვევაში კი - 15. ეს ნიშნავს, რომ "მედიკამენტს ვირუსის დაბლოკვა შეუძლია".

სიკვდილიანობის თვალსაზრისით ეფექტზე საუბარი, ფაუჩის თქმით, ნაადრევია, რადგან მაჩვენებლებს ჯერ არ მიუღწევია სტატისტიკურად მნიშვნელოვან ნიშნულამდე. სიკვდილიანობის მაჩვენებელი რემდესივირის ჯგუფში 8%, ხოლო პლაცებო ჯგუფში 11.6%-ია.

პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა 1000-ზე მეტ ადამიანზე ჩატარდა მსოფლიოს გარშემო. მისი შედეგები სრულად ჯერ არ გამოქვეყნებულა.

Gilead-მაც განცხადებაში აღნიშნა, რომ რემდესივირი პაციენტებს დაეხმარა სტანდარტულ დროზე სწრაფად გამოჯანმრთელებაში.

შესაძლოა, რემდესივირი კორონავირუსის სამკურნალო პირველი ეფექტური მედიკამენტი გახდეს. არსებობს მოლოდინი, რომ FDA მის გამოყენებას მალე დაუშვებს.

წაიკითხეთ რემდესივირზე მეტი აქ.

კომენტარები