Amnesty International-ის დასკვნა

AMNESTY: სამედიცინო რჩევების საწინააღმდეგოდ, რელიგიური შეკრებები კანონით არ შეზღუდულა

სამების საკათედრო ტაძარი
ტაბულა

ადამიანის უფლებების დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Amnesty International ახალ კორონავირუსის წინააღმდეგ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მდებარე სახელმწიფოების მიერ მიღებულ ზომებთან დაკავშირებით დასკვნას აქვეყნებს

დასკვნაში გატარებული ღონისძიებები ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების კუთხითაა შეფასებული. 

ორგანიზაციის ანგარიშში საუბარია საქართველოზეც, სადაც წერია, რომ 21 მარტს ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ზომები აუცილებელი და პროპორციული იყო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ლეგიტიმურ მიზნებს ემსახურება.

თუმცა, ამავდროულად, ორგანიზაცია დისკრიმინაციულ მიდგომაზე საუბრობს, რაც მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ერთგვარი პრივილეგიის მინიჭებას ეხება. 

"ამავდროულად გაიზარდა წუხილი იმის შესახებ, რომ კონკრეტული ზომები დისკრიმინაციულად აღსრულდებოდა. სამედიცინო რჩევების საწინააღმდეგოდ, რელიგიური შეკრებები კანონის საფუძველზე არ შეზღუდულა უმეტესად იმიტომ, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მხრიდან სააღდგომო ლიტურგიის ჩატარება უზრუნველყოფილიყო. 

ბზობისა და აღდგომის დღესასწაულებზე 12 და 19 აპრილს საქართველოში რამდენიმე მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრევლის ათობით წევრს უმასპინძლა", - წერს Amnesty International. 

ორგანიზაცია ასევე საუბრობს იმაზეც, რომ საქართველოში არსებულმა სხვა რელიგიურმა ჯგუფებმა ნებაყოფლობით თქვეს უარი, დროებით დაეკეტათ თავიანთი სამლოცველოები. 

Amnesty International ყურადღებას ამახვილებს შეიხ მირტაგი ასადოვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე დაბარების დეტალებზე და ხაზს უსვამს, რომ ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ასადოვმა ერთერთ გადაცემაში რიტორიკული კითხვა დასვა, მოეკიდებოდა თუ არა მთავრობა მათ ისეთივე გაგებით, როგორითაც მართლმადიდებელ ეკლესიასთან იქცევიან, რამადანის სადღესასწაულო თვეში მეჩეთები რომ გახსნილიყო. 

პანდემიის, ახალი კორონავირუსის გავრცელების გაზრდილი რისკისა და საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საპატრიარქო ამ დრომდე აგრძელებს ტაძრებში წირვა-ლოცვის ჩატარებას და მრევლის ერთი კოვზით ზიარებას. 

ე.წ კომენდანტის მიუხედავად 19 აპრილს სააღდგომო ღამისთევის ლიტურგია ჩვეულებრივ ჩატარდა - მრევლი ეკლესიებში 21:00 საათამდე შეიკრიბა და იქაურობა, დაახლოებით, 9 საათის განმავლობაში, 06:00 საათამდე არ დაუტოვებია. მთავრობა ამას საპატრიარქოსთან მიღწეულ შეთანხმებას უწოდებდა. 

ამასთან სახელმწიფომ სასულიერო პირებისთვის, სტიქაროსნებისთვის, მგალობლებისა და მედავითნეებისთვის პრივილეგიის სახით გამონაკლისი დაუშვა და მათ ავტომობილებით გადაადგილების ნებაც დართო მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის სხვა მოქალაქეებისთვის ეს უფლება აკრძალული იყო. 

კომენტარები