კორონავირუსი საქართველოში

რატიანი: კლინიკას დღეს 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი დატოვებს

საქართველოს მთავრობა

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე კლინიკაში სულ 106 პაციენტი მკურნალობს, კორონავირუსის ინფექცია კი 81 მათგანს აქვს დადასტურებული.

რატიანის თქმით, დღეს კლინიკიდან 9 გამოჯანმრთელებული პაციენტი ეწერება. 

"დღეს ეწერება 9 პაციენტი. ასევე, გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე პირველადი ტესტი და ველოდებით პასუხებს. რეანიმაციაში გვყავდა 8 მძიმე პაციენტი, მათი მდგომარეობა რჩება სტაბილური. ზოგიერთ მათგანთან გამოხატულია დინამიკა და მზადდებიან ფილტვის ხელოვნური ვენტილაციიდან მოხსნისთვის. დღითიდღე გაწერილი პაციენტების რაოდენობა იზრდება, რაც ძალიან გვახარებს", - თქვა რატიანმა. 

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის 517 შემთხვევაა დადასტურებული. 168 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6 პაციენტი გარდაიცვალა. 

კარანტინის რეჟიმში 5 153 ადამიანია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 549. 

კომენტარები