მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში

კალაძე სააკაშვილის უკრაინაში ვიცეპრემიერობაზე: არ არის ლამაზი, მინიმუმ უხერხულია

"არ არის ლამაზი და მინიმუმ უხერხულობას ქმნის, როდესაც უკრაინა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ისინი ცდილობენ, რომ მაღალ თანამდებობაზე დანიშნონ ადამიანი, რომელიც საქართველოში სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერაა გასამართლებული, ძალიან მძიმე ბრალდებებით", - ასე ეხმაურება თბილისის მერი, კახა კალაძე, უკრაინის ვიცეპრემიერად მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დანიშვნას.

22 აპრილს, საქართველოს ექსპრეზიდენტმა და ოდესის ოლქის ექსგუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა, Facebook-ზე დაწერა, რომ მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისგან ვიცეპრემიერის თანამდებობაზე დანიშვნის შეთავაზება მიიღო.

სააკაშვილმა თქვა, რომ მზადაა, მიიღოს ეს წინადადება. მისი დანიშვნის შესახებ უკრაინის პარლამენტში კენჭისყრა, სავარაუდოდ, მიმდინარე კვირაში გაიმართება.

ამ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ ქართული ოცნების წევრებმა არაერთხელ თქვეს, რომ თუ სააკაშვილი უკრაინის ვიცეპრემიერი გახდება, შესაძლოა უკრაინასთან საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობები გადაიხედოს.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველომ უკრაინიდან ელჩი გამოიწვია, თუმცა პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ, ეს უაყო, მაგრამ თქვა, რომ თუ სააკაშვილი უკრაინაში ვიცეპრემიერი გახდება, ელჩს "მინიმუმ კონსულტაციებისთვის" გამოიწვევენ.

აქვე, დღეს, 28 აპრილს, უკრაინულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მინისტრთა კაბინეტმა მიხეილ სააკაშვილის ვიცეპრემიერად დანიშვნის საკითხი უმაღლესი რადადან უკან გაიწვია.

კომენტარები