ტოკიოს ოლიმპიადა 2020

იოშირო მორი: თუ ტოკიოს ოლიმპიადა 2021 წელს ვერ ჩატარდა, ის გაუქმდება

იოშირო მორი
Getty Images

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის პრეზიდენტმა იოშირო მორიმ თქვა, რომ თუ გადადებული ოლიმპიადა 2021 წელს ვერ ჩატარდება, ის გაუქმდება.

კითხვაზე, მოხდება თუ არა ოლიმპიადის კიდევ ერთხელ გადადება, თუ მისი ჩატარება 2021 წელსაც ვერ მოხერხდა მორიმ თქვა:

"არა, ამ შემთხვევაში ოლიმპიადა გაუქმდება."

თუმცა მას მიაჩნია, რომ მომავალ წელს ტოკიოში ოლიმპიადის ჩატარება შესაძლებელი იქნება:

"ოლიმპიადა უფრო ღირებული იქნება, ვიდრე წარსულში იყო, მას შემდეგ, რაც ამ ბრძოლაში გავიმარჯვებთ. ამის უნდა გვჯეროდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი მძიმე შრომა და მცდელობები უშედეგოდ დასრულდება."

2020 წლის ოლიმპიადა კორონავირუსის პანდემიის გამო გადაიდო და ის 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე უნდა ჩატარდეს. ჯანდაცვის ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ ვაქცინის ან წამლის არ არსებობის შემთხვევაში ეს შეუძლებელი იქნება. იაპონიის სამედიცინო ასოციაციის პრეზიდენტმა იოშიტაკე იოკოკურამ თქვა, რომ იმ შემთხვევაშიც კი, თუ იაპონიაში ვირუსის კონტროლს შეძლებენ, ოლიმპიადა ვერ გაიმართება, თუ პანდემიას დანარჩენ მსოფლიოშიც არ დაამარცხებენ.

ჩინეთის შემდეგ იაპონია ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, სადაც ახალი ვირუსი დაფიქსირდა, თუმცა ქვეყანაში განსაკუთრებული ზომები არ მიუღიათ და 2020 წელს დაგეგმილი ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გამართვას გეგმავდნენ. საბოლოოდ ოლიმპიადის გადადების შესახებ 24 მარტს გამოაცხადეს.

ამ დროისათვის იაპონიაში კორონავირუსით ინფიცირების 13,614 შემთხვევაა გამოვლენილი, დაიღუპა 385 ადამიანი, გამოჯანმრთელდა 1,899.

კომენტარები