Coda წერილი

სახიფათო რჩევები კორონავირუსზე და მათი გავლენა რეალურ სამყაროზე

პანდემიის პირობებში ყოველი სწორი ინფორმაცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შეიძლება, იყოს. ამიტომ გადავწყვიტეთ, Coda-ს ქართულენოვანი წერილი დროებით აღვადგინოთ. რეგულარულად მოგაწოდებთ ინფორმაციას ყველაზე სანდო, ოფიციალური წყაროებიდან ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ყოველდღიურად ცვლის. 

Coda-ს ქართულენოვანი წერილი შეგიძლიათ გამოიწეროთ ამ ბმულზე. 

ავტორი: მარიამ კიპაროიძე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ამბები ვირუსზე, რომელიც მსოფლიოს ცვლის.
 

ბოლო მონაცემები. და რაც მნიშვნელოვანია:

  • მსოფლიოში დაავადებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა, გარდაცვლილი 211,000-ზე მეტია. საქართველოში 511 ადამიანი დაავადდა და 6 გარდაიცვალა.
  • ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ პანდემიის დასასრულს ჯერ არ ვუახლოვდებით და აფრიკის, აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკის და აზიის ზოგიერთ ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევების მატება იწყებს.
  • მართალია, კორონავირუსის აცრაზე ბევრ ქვეყანაში ათეულობით ჯგუფი მუშაობს, მაგრამ პანდემიამ სხვა დაავადებებისთვის ვაქცინაციის კამპანიები შეაჩერა, როგორიცაა წითელა, პოლიო, ქოლერა და ა.შ. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამბობს, რომ 13 მილიონი ადამიანი აუცრელი დარჩება, რაც ბავშვების დაინფიცირებას და სიცოცხლისთვის სახიფათო დაავადებების გავრცელებას ეხმარება.
  • ტრამპმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩინეთს შეეძლო, მსოფლიო პანდემიისგან დაეცვა, თავის დროზე რომ ემოქმედა და დაამატა, რომ ამერიკა გამოძიებასთან ერთად გეგმავს, მალე ზარალის ღირებულებაც წარადგინოს. მართალია, ჩინეთმა ვირუსი თავიდან დამალა, მაგრამ თვითონ ამერიკაში გავრცელებული კორონავირუსის წინააღმდეგ მოქმედება მთავრობამ გვიან დაიწყო. თეთრ სახლს ამის გამო მუდმივად აკრიტიკებენ.

ინფოდემიის ახალი ამბები:

  • ბალკანეთში და აღმოსავლეთ ევროპაში სოციალურ ქსელებში შეთქმულების ახალი თეორია ვრცელდება: 2012 წლის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია ლონდონში მინიშნება იყო, რომ დასავლეთი პანდემიის დაწყებას გეგმავდა. მიზეზი? გახსნის ცერემონიაზე ლონდონში წარმოდგენილი ათობით საავადმყოფოს საწოლით პატივი სცეს ბრიტანეთის ნაციონალურ ჯანდაცვის სერვისს (NHS-ს). თეორია, რომელიც მაკედონიაში ფეისბუკზე დაწერილი სტატუსიდან დაიწყო, საბოლოოდ უნგრეთის მედიაშიც აღმოჩნდა.
  • ფეისბუკის შეტყობინების სერვისმა Whatsapp-მა გუშინ განაცხადა, რომ სწრაფად გავრცელებადი მესიჯების რაოდენობა 70%-ით შეამცირა, მას შემდეგ, რაც შეტყობინებების გაგზავნაზე შეზღუდვები შემოიღო. თუმცა ეს საკმარისი არაა, რადგან ციფრულ სივრცეში მაინც თავისუფლად ვრცელდება უცნაური და ხშირად სახიფათო ამბები.

ვინ უფრო უცნაურად კურნავს კორონავირუსს?


მთელი მსოფლიო გამოეხმაურა ტრამპის დაუფიქრებელ სიტყვით გამოსვლას, რომ შესაძლოა, სადეზინფექციო საშუალებების ინექცია კორონავირუსის წინააღმდეგ ეფექტური იყოს.

ტრამპი იმდენჯერ იძლევა ფსევდომეცნიერულ რჩევას, ამ რჩევებით ატეხილ ხმაურში ყურადღების მიღმა გვრჩება, რომ უფრო უცნაური სამკურნალო გზების რეკომენდაციებსაც ვხვდებით.

საქართველოს სოციალური ქსელები და მესენჯერებიც მოიცვა უამრავმა სამკურნალო საშუალებამ. ზოგჯერ ეს იყო არაყი, ჭაჭა, ზოგჯერ სოდიანი წყალი ან ვაშლის ძმრით გაკეთებული პირის ღრუს სავლები.

ერთ-ერთი ჰომეოპათიური რჩევა ნიანგის სისხლით დამზადებულ მედიკამენტსაც ითვალისწინებდა.

ასევე ერთ-ერთი ფსევდომეცნიერული რჩევა ინდუისტებისგან შემომხვდა ინტერნეტში.

ინდუისტმა ჯგუფმა ინდოეთში რამდენიმე კვირის წინ ძროხის შარდის დალევის ღონისძიება მოაწყო, რომელსაც 200 ადამიანი დაესწრო.

ორგანიზატორები ირწმუნებოდნენ, რომ ძროხის რძე კორნავირუსისგან დამცავია.

თუმცა კორონავირუსის და მისი სამკურნალო შარდის ნომინაციაში, მგონი, გამარჯვება ირანს ეკუთვნის, სადაც აიათოლებმა კაცი უჩვეულო რეკლამისთვის სახალხოდ დასაჯეს:

ირანში საჯარო ცოდვების მონანიება და დაკავებები ხშირი სანახაობაა, მაგრამ ამჯერად პატიებას დისიდენტი ან ამერიკელ ჯაშუშად წარმოდგენლი ადამიანი კი არ ითხოვდა, არამედ, კაცი, რომელიც ირანელებს კორონავირუსის სამკურნალოდ აქლემის შარდის დალევას ურჩევდა.

აი, რა მოხდა:

ორი კვირის წინ ირანში გავრცელდა ვიდეო, სადაც პიჯაკში გამოწყობილი კაცი გადმოდის თეთრი მანქანიდან და მაყურებელს კორონავირუსისგან საუკეთესო განსაკურნებელ საშუალებას ჰპირდება.

შემდეგ მიდის აქლემთან, აქლემს ხელს გადაუსვამს და აცხადებს: “სამკურნალო საშუალება ესაა” და ყურანიდან ამონარიდს იხსენებს, სადაც კაცი შიიტების მეექვსე იმამთან მიდის, რადგან სუნთქვა არ შეუძლია. იმამი კი აქლემის შარდს სთავაზობს წამლად.

შემდეგ ნახევრად სავსე ჭიქით მოყვითალო სითხეს სვამს და ამატებს: “აჰ, მისაღებად ყველაზე კარგია, როცა ახალია.”

ვიდეოს ბოლოს დაბურული ინგლისურენოვანი ვებგვერდები ჩანს ტექსტით: “ამერიკის ერთ-ერთ კვლევით ცენტრში აქლემის შარდის სამკურნალო თვისებები აღმოაჩინეს.”

რამდენიმე დღის მერე მაყურებლების ეკრანზე, მანქანის და სათვალის მაგივრად, სახეზე ბორკილებიანი ხელები აქვს აფარებული ამ კაცს და პატიებას ითხოვს სახელმწიფო მედიის ჟურნალისტის წინ:

“კორონავირუსის და აქლემის შარდის კავშირი არ შემისწავლია, ამიტომ ჩემს ძვირფას ხალხს და ძვირფას ქვეყანას ბოდიშს ვუხდი.”

ეს უცნაური ვიდეო ასე იმიტომ გავრცელდა, რომ ირანის პოლიტიკური დებატების ნაწილი გახდა.

ოპოზიციისთვის ვიდეო იმის ხატად იქცა, თუ როგორი უკუსვლით წავიდა ქვეყანა აიათოლების ხელში. “სანამ მსოფლიოში ვაქცინაზე მუშაობენ, ირანში სამკურნალოდ აქლემის შარდია გამოწერილი,” წერდნენ სოციალურ ქსელში.

ჩვენი წყაროები ამბობენ, მთავრობამ გადაწყვიტა, რომ საჭირო იყო აქლემის შარდისგან გამიჯნულიყო და ამიტომ დასაჯა კაცი ვიდეოდან სახალხოდ.

რა მნიშვნელობა აქვს ამას:

ფსევდომეცნიერული მკურნალობის ხერხები, როგორიცაა აქლემის შარდი, სასაცილოდ გვეჩვენება, მაგრამ როგორც ირანში გახდა ის პოლიტიკის ნაწილი ცოტა ხნით მაინც, ასე უცებ შეიძლება, შეაღწიოს ამ რჩევებმა სოციალური მედიის დახურულ ჯგუფებში, ან ათიათასობით ინბოქსი მოიაროს ოჯახების ჯგუფურ საუბრებში.

აქლემის გვერდით მდგარ საეჭვო კაცს არ ვენდობით ირანიდან, მაგრამ როცა დეიდა ან მამიდა გვწერს რჩევას ნაკლებად დრამატულ წამალზე, მას ყურადღებას ოდნავ მაინც მივაქცევთ.

რას ვკითხულობ:

კონსპირაციული თეორია და დეზინფორმაცია ონლაინ სივრცეში — როგორი დაუჯერებელი და სასაცილოც არ უნდა იყოს ის — ადამიანების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება და ხანდახან სრულიად ცვლის მას.

გუშინ CNN-მა გამოაქყვეყნა სიუჟეტი და სტატია მაატიე ბენასიზე. მაატიე ბენასი ამერიკული არმიის რეზერვისტი და 2 შვილის დედაა, რომელსაც ჩინეთში კორონავირუსის შეტანას აბრალებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ბენასის და მის მეუღლეს კორონავირუსი არ გადაუტანიათ,

ჩინეთის სოციალურ მედიაში მათ ახლა პანდემიის წყაროდ განიხილავენ. ჩინეთის კომუნისტური პარტია ამ ინფორმაციის გავრცელებას ხელს არ უშლის.

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ბენასი არმიის სხვა წევრებთან ერთად ოქტომბერში მსოფლიო სამხედრო შეჯიბრზე მონაწილეობდა. ეს შეჯიბრი შარშან უხანში ჩატარდა.

შეთქმულების თეორია ბენასით არ დაწყებულა. პირველად ჩინურ ონლაინ სივრცეში გავრცელდა ხმა, რომ კორონავირუსი ამერიკული ბიოლოგიური იარაღია. შემდეგ რამდენიმე სახესხვაობა განიცადა და მივიდა ბენასიმდე, როგორც ამერიკული სამხედრო ძალის წარმომადგენლამდე.

ბენასის და მის მეუღლეს სოციალური ქსელის ანგარიშების გაუქმება მოუხდათ, რადგან უამრავ შეტყობინებას იღებდნენ მათგან, ვისაც ამ თეორიის სჯეროდა.

“მინდა, რომ ყველამ შეწყვიტოს ჩემი შევიწროება, რადგან ეს ჩემთვის კიბერ-ბულინგია და უკვე უკონტროლო გახდა,” - ამბობს მაატიე ბენასი ნტერვიუში.

ციფრული სივრცის კონტროლის მექანიზმი რთული მოსაძებნია, რადგან საქმე ხშირად სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას ეხება. ყოველთვის არსებობს არგუმენტი რეგულატორებისა თუ ონლაინ კომპანიებისთვის.

კომენტარები